ცესკო ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის ფაქტს განცხადებით ეხმიანება.
განცხადების თანახმად, სამწუხაროდ, გარკვეული ჯგუფები რეგულარულად რეალობის იგნორირებით ცდილობენ საზოგადოებისათვის მათთვის ხელსაყრელი აღქმების თავს მოხვევას, რის მაგალითადაც ცესკო ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებაში“ გასულ სიუჟეტს ასახელებს.
მათივე განმარტებით, საარჩევნო ადმინისტრაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს ტელეკომპანია „ფორმულას“, რომ „მისივე ეთერის საშუალებით განახორციელოს მცდარი ფაქტების თანაზომადი საშუალებებით უარყოფა და საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება“.
„საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ გრძელდება მიზანმიმართული დისკრედიტაციული კამპანია. საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც სანდო ინსტიტუციის, სახელის შელახვის მცდელობები ისეთი მეთოდების გამოყენებით გრძელდება, როგორიც არის თემით მანიპულირება და საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
ამჯერად საუბარია ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „დროება“ გასულ სიუჟეტზე, სადაც ჟურნალისტი ევროკავშირის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას განმარტავს და ამბობს, რომ „საარჩევნო სისტემის რეფორმა და რეკომენდაციების გათვალისწინება მოიცავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში არჩევნები უბრალოდ აღარ უნდა გაყალბდეს. ცესკოს თავმჯდომარე უნდა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ადამიანი.“
ჟურნალისტი ირიბად მიანიშნებს იმაზე, რომ ამ დრომდე საქართველოში ყველა არჩევნები ყალბდებოდა, ხოლო ცესკოს თავმჯდომარე არ არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. სიუჟეტში არ არის წარმოდგენილი არცერთი კონკრეტული ფაქტი, მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მის ნათქვამს. ამდენად აშკარაა, რომ ის ინფორმაციის მანიპულაციის გზით საზოგადოებას აწვდის არაობიექტურ ინფორმაციას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სიუჟეტი ემსახურება მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას. იმ ფონზე კი როცა ამჟამად მიმდინარეობს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურა ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელება მოიცავს მიზანმიმართული დისკრედიტაციის ნიშნებს.
საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ეუოთო/ოდირის, აშშ-ს, გერმანიის, ბრიტანეთის საელჩოების მიერ გაკეთებული მაღალი შეფასებები საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებით. ამდენად ზემოაღნიშნული სიუჟეტი ევროპული ინსტიტუტების შესაბამისი შეფასებების გაყალბების უხეში მცდელობაა და წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ დაგეგმილი, პოლიტიკურად ანგაჟირებული კამპანიის ნაწილს. არჩევნებზე ცესკოს საქმიანობის შეფასებები ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მხრიდან საჯაროდ ხელმისაწვდომია და მათი გაცნობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
სამწუხაროდ, გარკვეული ჯგუფები რეგულარულად რეალობის იგნორირებით ცდილობენ საზოგადოებისათვის მათთვის ხელსაყრელი აღქმების თავს მოხვევას, რის მაგალითადაც შეიძლება დასახელდეს ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა
„დროებაში“ გასული ზემოაღნიშნული სიუჟეტის ფრაგმენტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. საარჩევნო ადმინისტრაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს ტელეკომპანია „ფორმულას“, რომ მისივე ეთერის საშუალებით განახორციელოს მცდარი ფაქტების თანაზომადი საშუალებებით უარყოფა და საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეაგირების მიზნით ცენტრალური საარჩევნო კომისია ასევე მიმართავს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიას. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ ამ დრომდე არაერთხელ დაადასტურა მედიის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებაში ეთიკის პრინციპების დარღვევის ფაქტი.
მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ უსაფუძვლო, დისკრედიტაციული და დეზინფორმაციული განცხადებებით.
საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოებისთვის ზუსტი და სწორი ინფორმაციის მიწოდებას ინსტიტუციის საქმიანობასთან დაკავშირებით და ექნება შესაბამისი რეაგირება ნებისმიერ მცდარ და არასწორ ინფორმაციასთან მიმართებაში“, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.