,,მე, ვფიქრობ, რომ ბატონი დანილოვის განცხადება საკმაოდ სერიოზულად არის განსახილველი, რამდენიმე მიმართულებით. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ დანილოვი „დაგვეხმარა“ ჩვენ იმ თვალსაზრისით, რაზეც ვსაუბრობდით, რა საფრთხეებიც არსებობს დღემდე სამწუხაროდ საქართველოსთან მიმართებაში,’’ – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ალექსანდრე დანილოვმა დაადასტურა, რომ ნამდვილად არსებობდა სურვილი საქართველოს ომში ჩართვის.
მაჭარაშვილის განცხადებით, გაუგებარია, რატომ უნდა უნდოდეს მეზობელ უკრაინას საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვა და ამ სურვილზე დუმდეს და არაფერს ამბობდეს ამერიკის საელჩო მისთვის გაუგებარია.
,,დანილოვმა პრაქტიკულად მტკიცებულება დადო, რომლის მიხედვითაც, სამწუხაროდ ეჭვი არ გვეპარება, რომ ნამდვილად იყო და ჯერ-ჯერობით რჩება სურვილად, რომ საქართველო ჩათრეული იყოს საომარ მდგომარეობაში. ამას გარდა, მინდა აღვნიშნო, რომ დანილოვი არ არის რიგითი უკრაინელი და არც რიგითი საჯარო მოხელე. უკრაინის ხელისუფლებაში ის პრაქტიკულად ორეულშია და მე მგონია, ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს არ არის მხოლოდ მისი სურვილი.
ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ თვეების განმავლობაში არაერთი განცხადება გააკეთა არესტოვიჩმა, არახამიამ და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა. ეს განცხადება პრაქტიკულად უკვე იყო დადასტურება იმისა, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება გვეუბნება, რომ საომარ მოქმედებებში უნდა ჩავერთოთ. აქ არის დასკვნა გასაკეთებელი: თუ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ და უკრაინას, უნდა გვქონდეს და ნამდვილად უნდა გვქონდეს მეგობრული ურთიერთობები და ჩვენ ორივე სახელმწიფო, სამწუხაროდ ვართ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და ამავდროულად ორივე სახელმწიფოს გვერდში გვიდგას აშშ და ევროკავშირი, მაშინ აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რატომ უნდა უნდოდეს, უკრაინის, მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებას ისედაც რუსეთისგან ოკუპირებული საქართველოს ომში ჩართვა. ამაზე დუმდეს და არაფერს ამბობდეს აშშ-ს და ევროკავშირის საელჩო.
მე მგონია აქ კითხვის ნიშნები, რაც არსებობდა და სამწუხაროდ დღემდე არსებობს, აშშ-ს შტატების და ევროკავშირის ელჩების მიმართაც, განსაკუთრებით აშშ-ს ელჩის მიმართ კიდევ უფრო იზრდება. ხარისხი ამ კითხვების კიდევ უფრო გაზარდა ბატონი დანილოვის ამ განცხადებამ. აქედან გამომდინარე, ლეგიტიმურია, რომ საზოგადოებაში ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა. ჩვენ და უკრაინა ვართ, თუ არა პარტნიორები. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია აშშ. ასევე, ევროკავშირთან გვაქვს კარგი ურთიერთობა და გვინდა , რომ ეს ურთიერთობა აუცილებლად შევინარჩუნოთ’’- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.