პარტია “პროგრესი და თავისუფლება”-ს ლიდერი, კახა ოქრიაშვილი რუს ვიზიტორებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“მსურს, რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორებთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია სულ რამდენიმე პუნქტით გაგაცნოთ:
1. ვიზიტორი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ან დარღვეული აქვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი, არ უნდა დაიშვებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე.
2. ტურისტული მიზნით შემოსული მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ შემცირდეს 60-90 დღემდე, როგორც ერთი ვიზიტისას, ისე ჯამურად, კალენდარული წლის განმავლობაში – ნაცვლად უწყვეტი ერთი წლისა, როგორც ეს 2015 წლიდან დღემდე მოქმედებს.
3. სამუშაო ვიზის გაცემა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეზე უნდა ხდებოდეს სპეციალური პროცედურით, რომელმაც უნდა ცხადყოს, რომ ამ პირისთვის საქართველოში მუშაობის უფლების მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვისაც საჭიროებას წარმოადგენს.
4. ბინადრობის უფლების გაცემა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე უნდა განხორციელდეს სპეციალური, არაგამარტივებული მექანიზმით, რომელიც დაადასტურებს ამ პირის ლოიალურობას ჩვენი სახელმწიფოსადმი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ბინადრობის გაუქმება კი უნდა ხდებოდეს ავტომატურ რეჟიმში, ნებისმიერი, მათ შორის სიტყვიერი ქმედებისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
სწორედ ამ ოთხ პრინციპზე დაყრდნობით უნდა შემუშავდეს ახალი კანონმდებლობა, რომელიც ერთის მხრივ, დაადასტურებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ლოიალურობას საქართველოს სუვერენიტეტისა და კონსტიტუციის მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის რეალურ ამოქმედებას” – აცხადებს ოქრიაშვილი.