თვით სააკაშვილის ხელისუფლებაც სულ 8 აგვისტოს ასახელებდა ომის დაწყების დღედ. ამ დღეს აღნიშნავდნენ ოფიციალურად, ამ დღეს გადიოდნენ სასაფლაოებზე, უშვებდნენ შესაბამის სტიკერებს და ა. შ. – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავით ზურაბიშვილი წერს.
მისი თქმით, 7-ს დაასახელებ ომის დაწყების თარიღად თუ 8-ს, პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. ორივე შემთხვევაში რუსეთია აგრესორი და დამნაშავე.
„7-ს დაასახელებ ომის დაწყების თარიღად თუ 8-ს, პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. ორივე შემთხვევაში რუსეთია აგრესორი და დამნაშავე, თვით სააკაშვილის ხელისუფლებაც სულ 8 აგვისტოს ასახელებდა ომის დაწყების დღედ. ამ დღეს აღნიშნავდნენ ოფიციალურად, ამ დღეს გადიოდნენ სასაფლაოებზე, უშვებდნენ შესაბამის სტიკერებს და ა. შ. ასე იყო 2014 თუ 2015 წლამდე, ვიდრე ვიღაც ჭკვიანს არ მოუვიდა თავი ეთქვა, რომ თურმე 8-ში რომ ვამბობთ, ამით პუტინის ნარატივს ვამყარებთ და 7-ში თუ ვიტყვით, ამით საბოლოოდ მოვუღებთ ბოლოს იმაზე დავას ვინ დაიწყო ომი.
კიდევ გავიმეორებ: 7-დან დაიწყებ ათვლას თუ 8-დან, არსებითად ამით არაფერი იცვლება. საერთაშორისო დონეზეც საქართველოს ხელისუფლებას ყველა დოკუმენტში 8 აგვისტო ჰქონდა თარიღად, მაგრამ აწი ჩავწეროთ 7, კი ბატონო. ოღონდ მე პირადად რა არ მომწონს ამაში და 7-ის მომხრეები ძალიან კატეგორიულად რომ აცხადებენ, ვინც 8-ში იტყვის ომის დაწყებას, ის რუსეთუმეა და პუტინისტიო. თან ამას ის ხალხი ამბობს, არცთუ დიდი ხნის წინ თვითონაც 8-ში რომ აღნიშნავდა“ – წერს დავით ზურაბიშვილი.