კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უდიდესი ტრაგედია გამოვიარეთ აგვისტოს ომის დღეებში, ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე, გმირი დავკარგეთ, ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს მართლაც სამაგალითო გმირობა, თავდადება, თავგანწირვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მუხათგვერდში განაცხადა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაურის თქმით, მათ ღირსეულად დაიცვეს, თავი შესწირეს სამშობლოს და ძალიან ბევრი თანამოქალაქე გადაარჩინეს.
„პირველ რიგში, მინდა ჩემი და ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი უდიდესი მოკრძალება და კიდევ ერთხელ, გამოვუცხადო მწუხარება ჩვენი გარდაცვლილი გმირების, ჩვენი სამხედროების და არა მხოლოდ სამხედროების, ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, ჩვენი გმირების ნათელ ხსოვნას. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უდიდესი ტრაგედია გამოვიარეთ აგვისტოს ომის დღეებში, ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე, გმირი დავკარგეთ, ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს მართლაც სამაგალითო გმირობა, თავდადება, თავგანწირვა. მათ ღირსეულად დაიცვეს ჩვენი სამშობლო, თავი შესწირეს ჩვენს სამშობლოს და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადაარჩინეს. ახლა კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მათი რეალური ისტორიები, გმირების ისტორიები და გმირობის მაგალითები, რომლებიც ჩვენმა გმირმა სამხედროებმა ჩაიდინეს. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე და მინდა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას მშვიდობა, პირველ რიგში და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, გამთლიანება”, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ მიუსამძიმრა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად მუხათგვერდის სასაფლაოზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.