ირაკლი ღარიბაშვილი: საწვავის იმპორტიორები შეგვპირდნენ, რომ იმის მიუხედავად, რომ მათ დააკლეს ფასი ივლისსა და აგვისტოში 10-10 თეთრით, კიდევ უფრო მეტად, ჯამში 20-30 თეთრით დააკლებენ ფასებს აგვისტოს ბოლომდე

გვაქვს ჩვენ განცდა იმისა, რომ შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა საწვავის ფასებმა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ, საჭიროა, უფრო გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან რეკომენდაციით მიმართა კონკურენციის სააგენტოს, დაიწყოს მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების დაცვა.

 

„ჩემი დავალებით, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები შეხვდნენ საწვავის იმპორტიორებს, რამდენიმე შეხვედრა გამართეს. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით საწვავის ფასებს საქართველოში. მჭიდრო კოორდინაციაში ვართ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან. მე დღეს დილით მქონდა საუბარი მათთან. იმის მიუხედავად, რომ ლარი გამყარდა, ასევე საწვავის ფასები პლაცზე არის დაკლებული, ქვევით წამოვიდა ფასები. ჯერ კიდევ გვაქვს ჩვენ განცდა იმისა, რომ შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა საწვავის ფასებმა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ, საჭიროა, უფრო გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან. მე რეკომენდაციით მივმართე კონკურენციის სააგენტოს, დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების დაცვა და ხომ არ არის რაიმე გადახრა და კეთილსინდისიერების დარღვევა. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. შეგვპირდნენ იმპორტიორები, რომ იმის მიუხედავად, რომ მათ დააკლეს ფასი ივლისში, ასევე აგვისტოში დააკლეს 10-10 თეთრით. კიდევ უფრო მეტად აპირებენ დაკლებას, ჯამში 20-30 თეთრით დააკლებენ ფასებს აგვისტოს ბოლომდე, მაგრამ უფრო მეტი გამჭვირვალობაა საჭირო. ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, რა მარჟებით მუშაობენ, რამდენია მათი მოგება და ა.შ. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ლარი იყოს სტაბილური და მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან გამყარდა ეროვნული ვალუტა. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ იმპორტიორებს, რომ უფრო მეტი კოორდინაცია იქონიონ მთავრობასთანაც და მეტი კომუნიკაცია ჩვენს ხალხთან. ამიტომ, ამ საკითხს ჩვენ ეკონომიკურ გუნდთან ერთად დავაკვირდებით და მოგვიანებით კიდევ დამატებით ინფორმაციას მივაწვდით ჩვენს ხალხს”, – განაცხადა პრემიერმა.

Back to top button