ზაზა შათირიშვილი: ახლა, როცა ხელმოსაჭიდი არც ევროპარლამენტის რეზოლუცია და არც სხვა საბაბი დარჩა, ბანკი უბრალოდ არაფერს აკეთებს და ორი თვეა პოლიტიკურ შანტაჟს უმოქმედობით აგრძელებს; ამას ემატება შვეიცარიული სასამართლოს ანალოგიური ქცევაც

როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ სუვერენიტეტის აღდგენასა და დაცვაზე აქტიურად ზრუნვა დაიწყო, რისთვისაც სასამართლო სისტემის მოფრთხილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ცხადია, გარედან მართული სასამართლოს პირობებში, ყოველგვარ სახელმწიფო სუვერენიტეტზე ლაპარაკი ზედმეტია. შესაბამისად, სასამართლო სისტემის ამერიკელებისთვის დათმობა ყველაზე დიდი ღალატი იქნება, რაც ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნის წინაშე შეიძლება ჩაიდინოს. საკითხს განსაკუთრებით ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ამერიკელები არათუ ჩვენნაირ ქვეყანას არ დაეხმარებიან სასამართლო სისტემის უკეთ აწყობაში, არამედ ისინი სხვა ქვეყნებში უკვე აწყობილ სისტემებსაც კი ანგრევენ – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.

 

“შვეიცარია ისტორიულად გამოირჩეოდა გამართული, სტაბილური და საიმედო საბანკო სისტემით, რომლის ერთ-ერთი საყრდენი ასევე გამართული, სტაბილური და საიმედო სასამართლო სისტემაც იყო. ახლა კი, როგორც საბანკო, ისე სასამართლო სისტემა იქცევა ისე, როგორც ველურების ქვეყანაშიც კი არ მოიქცეოდნენ. ამ ფაქტს აქვს მარტივი ახსნა – ორივე სისტემა ერთი, ამერიკული ხელიდან იმართება, რომელიც არათუ ამ სისტემების რეპუტაციაზე არ დარდობს, არამედ სწორედ მათ განადგურებას ცდილობს.

 

საერთაშორისო მედიაში ივანიშვილის ადვოკატების ძალისხმევით დაიბეჭდა უამრავი სტატია როგორც ბანკის, ისე შვეიცარიული სასამართლოს შესახებ, რასაც არავითარი დაბრკოლება არ შექმნია. ეს სტატიებიც, საბოლოოდ, ამერიკელების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან შვეიცარიულ ბანკსა და სასამართლოს აზიანებს.

 

გავიხსენებ ფულის მითვისების საქმის რამდენიმე საინტერესო დეტალს. ბანკმა, პროკურატურამ და სასამართლომ თითქმის მილიარდი დოლარის მითვისებაზე მთელი პასუხისმგებლობა ბანკის ერთ თანამშრომელს, პატრის ლესკუდრონს დააკისრეს, რაც, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია. როდესაც ბანკი აცხადებს, რომ მის ნებისმიერ ერთ თანამშრომელს კლიენტის ანგარიშიდან მილიარდის გაქრობა შეუძლია, გამოდის, რომ ბანკის ფუნქციაზე სრულად ამბობს უარს. სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება კორპორატიული პასუხისმგებლობის მინიმალურ სტანდარტს რომ არ შეესაბამება, ამაზე აღარაფერს ვიტყვი.

 

გარდა ამისა, სასამართლომ გაიზიარა ბანკის შუამდგომლობა, რომლის თანახმად თანხებს ივანიშვილს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნებდა, რაც ფულს ლესკუდრონისგან ამოიღებდა. ვისაც ოდნავ მაინც ესმის იურისპრუდენციის ან, ზოგადად, ლოგიკის ანაბანა, დამეთანხმება, რომ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება ყოვლად აბსურდული და გაუგონარია.

 

პატრის ლესკუდრონს ბიძინა ივანიშვილის თანხის მითვისებისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაგრამ ბევრად ადრე განთავისუფლდა, ვიდრე საქმე საბოლოოდ გაიხსნებოდა. მოგვიანებით, როდესაც გაჩნდა მოლოდინი, რომ ლესკუდრონი ალაპარაკდებოდა, რაც საქმეში ბიძინა ივანიშვილის პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებდა, ველოსიპედით ქალაქში სასეირნოდ გამოსული ლესკუდრონი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ლესკუდრონის გარდაცვალება, რომელიც, საყოველთაო შეფასებით, უამრავ კითხვის ნიშანს აჩენდა, თვითმკვლელობად ძალიან სწრაფად გააფორმეს და თანხის მითვისების საქმე ოქროს მოწმის გარეშე დატოვეს.

 

მას შემდეგ უკვე სამი წელი გავიდა და ბიძინა ივანიშვილი ბანკის მიერ გარდაცვლილი კაცისგან ამოღებული თანხის დაბრუნებას ამაოდ ელოდება. რაც მთავარია, ბანკი თავს სწორედ შვეიცარიული სასამართლოს გადაწყვეტილებას აფარებს, რომელმაც გაუგონარი გადაწყვეტილება მიიღო და ბანკის მიერ მითვისებული ფულის დაბრუნება კონკრეტული თანამშრომლისგან ფულის ამოღებას მიაბა.

 

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ საქმეებს არა შვეიცარიის, არამედ ბერმუდის და სინგაპურის სასამართლოებში იგებს. ივანიშვილმა ისარგებლა იმ გარემოებით, რომ მისი თანხები ოფშორულ ზონებში იყო გადარიცხული და ბანკს ბერმუდასა და სინგაპურში უჩივლა, რომელთა სასამართლოებში ამერიკულმა გავლენამ, როგორც ჩანს, ჯერ ვერ შეაღწია. ბანკის მენეჯმენტი ყველანაირად ცდილობდა, საქმე როგორმე შვეიცარიის სასამართლოში გადმოეტანა, სადაც ივანიშვილს მოგების არავითარი შანსი არ ექნებოდა. როგორც უკვე ვთქვი, შვეიცარიის ყველა მსხვილ საჯარო თუ კერძო ინსტიტუტს, მათ შორის სასამართლოს, ამერიკა აკონტროლებს და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ სამართლის აღსრულებას შვეიცარიაში არავინ დაუშვებდა. ამერიკელები აკონტროლებენ შვეიცარიულ მედიასაც, რის გამოც პრესაში ბანკის მენეჯმენტის მამხილებელი ვერცერთი სტატია ვერ იბეჭდება.

 

შვეიცარიული ბანკი, რომელიც შანტაჟის სქემაშია ჩართული და ბიძინა ივანიშვილს მოპარვას გადარჩენილ ფულსაც კი არ უბრუნებს, როგორ იქცევა, ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ორი თვის განმავლობაში, ბანკი აბსურდულ ტექნიკურ მიზეზებს იგონებდა, რომ ივანიშვილისთვის კუთვნილი ფული არ გადაერიცხა, ხოლო მესამე თვის თავზე ბანკმა ევროპარლამენტის ასევე აბსურდული რეზოლუცია მოიშველია, რომელიც არც ევროპულმა კომისიამ და არც ევროპულმა საბჭომ გაიზიარა. ახლა კი, როდესაც ხელმოსაჭიდი არც ევროპარლამენტის რეზოლუცია და არც რაიმე სხვა საბაბი დარჩა, ბანკი უბრალოდ არაფერს აკეთებს და უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, პოლიტიკურ შანტაჟს უმოქმედობით აგრძელებს. ამას ემატება შვეიცარიული სასამართლოს ანალოგიური ქცევაც. როდესაც შვეიცარიის აწყობილ სასამართლო სისტემას ბანანის რესპუბლიკის სასამართლოს ამსგავსებ, ამერიკელების ხელში ქართულ სასამართლოს რა ბედი ელის, იოლი გამოსაცნობია. კაცმა რომ თქვას, ზუსტად ის ბედი ელის, რაც 2004 წლიდან 2012 წლამდე გამოიარა, როდესაც ამერიკელებმა სასამართლო სისტემა ნაციონალური მოძრაობის უსამართლობითა და ველურობით გამორჩეული რეჟიმის სამსახურში ჩააყენეს” – წერს შათირიშვილი.

Back to top button