სოზარ სუბარი: სტრატეგიული პარტნიორის ელჩი როდესაც პარლამენტის წევრებზე კითხვას სვამს, ვინ არიან და რას წარმოადგენენ, საქართველოს სახელმწიფოს მიმართ დამამცირებელი დამოკიდებულებაა

უადგილო და არაკორექტულია, როდესაც საელჩო პარლამენტს პრაქტიკულად ბრძანების ტონით მიმართავს, უნდა გააკეთოთ ეს და ეს, კარგი იქნება, თუ ჩვენი მეგობრული ურთიერთობა დღეიდან გაგრძელდება იმ ფარგლებში, რა ფარგლებსაც ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა ითვალისწინებს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„როდესაც პარლამენტის წევრებზე და მართლა დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტის წევრებზე კითხვას სვამს დემოკრატიული ქვეყნის ელჩი და ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ელჩი, ვინ არიან და რას წარმოადგენენ, ეს სრულიად გამაოგნებელი და დამამცირებელი დამოკიდებულებაა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს ისევე, როგორც ნებისმიერი პარლამენტარი საქართველოში, ზოგი ნაკლებ რაოდენობას, ზოგი მეტს, მაგრამ ყველანი ერთად წარმოვადგენთ საქართველოს პარლამენტს. რაც შეეხება ჩვენს გამიჯნულობას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობიდან, ჩვენ წამოვედით იმიტომ, რომ არის ძალიან ბევრი კითხვა, რომელთა დასმა გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა, როდესაც ჩვენ ვიყავით უმრავლესობაში და ეს კითხვები ძალიან ლეგიტიმურია, რომლებზეც პასუხის გაცემა ძალიან აუცილებელია. კითხვების დასმა, ვის წარმოადგენენ, არიან თუ არა გამიჯნულები, გარკვეული ეჭვის შეტანა საქართველოს ხელისუფლებაში, დამამცირებელია ელჩის მხრიდან. ეს არის აქცენტის გადატანა მთავარი საკითხიდან, კითხვებზე პასუხის გაცემიდან“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს, სუბარის თქმით, საელჩო უხეშად ერევა შინაურ საქმეებში.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ კითხვები და ეს კიდევ არასრული იყო. რამდენიმეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ: როდესაც საქართველოს ეუბნებიან, რომ მოსამართლეთა არჩევის ისეთი წესი შემოვიტანოთ, რომელიც არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს, სამი მეხუთედით მოხდეს უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევა, რომ იუსტიციის საბჭოში მოსამართლეების არჩევა მოხდეს არა ორი მესამედით, არამედ ორმაგი ორი მესამედით, ანუ მოსამართლე წევრებმა ცალკე უნდა დააგროვონ ორი მესამედი, არამოსამართლე წევრებმა ორი მესამედი, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ საელჩო უხეშად ერევა შინაურ საქმეებში და ამავდროულად, ჩნდება ეჭვი, რომ მათ აქვთ გარკვეული პოლიტიკური ინტერესი, აქ უზრუნველყონ „ნაციონალური მოძრაობის“ რაც შეიძლება მაქსიმალური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ასევე, მიუღებელია, როდესაც პირდაპირ რეკომენდაციას თუ ინსტრუქციას აძლევს პარლამენტს, რომ უვადოდ დაინიშნონ მოსამართლეები. ეს არავის საქმე არაა, გარდა საქართველოს პარლამენტისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი. როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველოს სასამართლოებში თავმჯდომარეების არჩევა მოხდეს არჩევის წესით მოსამართლეებს შორის, რაც არ ხდება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, ესეც არის არადემოკრატიული და უხეში ჩარევა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, საელჩოს მიერ შემუშავებული დოკუმენტის ტონი არაკორექტულია.

„მგონი, უადგილო და არაკორექტულია, როდესაც საელჩო პარლამენტს პრაქტიკულად ბრძანების ტონით მიმართავს, უნდა გააკეთოთ ეს და ეს. „უნდა“ 60-ჯერ არის გამოყენებული და ეს „უნდა“ ყოველ შემთხვევაში არის იქ, სადაც მართლა საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო დავალებებს აძლევენ საქართველოს პარლამენტს. ეს არის არაკორექტული და უხეში ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში და მართლმსაჯულებაში. კარგი იქნება, თუ ჩვენი მეგობრული ურთიერთობა დღეიდან გაგრძელდება იმ ფარგლებში, რა ფარგლებსაც ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა ითვალისწინებს“, – აღნიშნა სუბარმა.

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ბრალდებებს დღეს უგუნური და კონსპირაციის უსაფუძვლო თეორიები უწოდა.

ამასთან, საქართველოში აშშ-ის საელჩომ მოამზადა რეკომენდაციები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.

Back to top button