ზურაბ ჯაფარიძე: თუ დაპირისპირების გზა გადის იმაზე, რომ შენობიდან გამოაგდო ვიღაც, ეს შენობა იმ ხალხისაა, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი და რა პრობლემაა, რომ შევიდნენ და იქიდან წიხლებით გამოყარონ

თუ დაპირისპირების გზა მათ შორის გადის იმაზე, რომ შენობიდან გამოაგდო ვიღაც, ეს შენობა ბიძინასი კი არ არის, იმ ხალხის არის, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი და რა პრობლემაა, რომ შევიდნენ და იქიდან წიხლებით გამოყარონ – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტვ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, საომარი არის ქუჩაში და ბევრ ადამიანს ქუჩაში შეუძლია ძალიან ბევრი პრობლემის შექმნა როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ხელისუფლების მხარდამჭერებისთვისაც.

 

„შეგიძლია მოახდინო ქალაქის პარალიზება, ისე რომ ცხოვრება გახდეს აუტანელი. საომარი არის ქუჩაში, რა ფორმებს მოვიფიქრებთ, ეგ ცალკე საკითხია და მაგაშიც უამრავი ადამიანი მყავს ჩართული, უამრავი ადამიანი მწერს რაღაც იდეებს და ბევრი იდეები გვაქვს, რა შეიძლება გაკეთდეს. ჩვენ ახლა მოსაპოვებელი, დასაბრუნებელი გვაქვს არჩევანის უფლება, რომ შევცვალოთ ხელისუფლება. ჩვენ გააზრებული გვაქვს და გვჯერა, რომ თავზე გვაზიან ვიღაც ნაბიჭვარი უზურპატორები, რომლებსაც ეს ძალაუფლება, რომ ჩვენ გვმართონ, დაგვბეგრონ, წაიღონ ჩვენი ფული, მერე ეს ფული ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონ და ისევ ძალაუფლება შეინარჩუნონ, ჩვენთვის წარმოუდგენლად მიუღებელი რაღაცაა.

 

ჩვენთვის ეს ბრძოლა აქედან მომდინარეობს და არა იქიდან, რომ რაღაც გაწერილი გეგმა გვაქვს რამდენიმეთვიანი და ზუსტად ვიცი, რომ ფინალში გავალ. ასეთი გეგმა არ გვაქვს. ჩვენ ვიბრძვით, იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეგვიძლია, ვთვლით, რომ ეს არის ერთადერთი სწორი და მორალური ქცევა ნებისმიერი სინდისის მქონე მოქალაქისთვის ამ ქვეყანაში. აქედან ამოვდივართ და გზაში ვნახავთ, რა შეიძლება გავაკეთოთ და როგორ შეიძლება გამოგვივიდეს – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

რაც შეეხება პარტნიორებს, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არიან პოლიტიკური ძალები, მაგალითად ელენე ხოშტარია, რომელმა საჯაროდაც ისაუბრა, ისედაც ჰქონდათ კომუნიკაცია და უთხრა, რომ სიტუაციას ისიც ზუსტად ასე უყურებს.

 

„ნაცმოძრაობა და ლელო არ ვიცი რას იზამენ, მაგრამ ეს არ არის მაინცდამაინც პარტიების ამბავი. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი პარტიის მხარდამჭერია, რომელიც ასე აფასებს სიტუაციას. თუ თვლი, რომ თავზე გაზიან ვიღაცეები, რომლებიც იქ არიან არალეგიტიმურად, არავის აურჩევია, არც უმრავლესობის მხარდაჭერა აქვთ, მათ შენთვის წართმეული ფულით და შენი შვილების გადასახდელი ვალით იყიდეს ხმები, დააშინეს და დააშანტაჟეს ხალხი, რაც დაამტკიცა იგივე გოგაშვილმა, თუ ამ ყველაფერს იაზრებ, რა მნიშვნელობა აქვს რომელი პარტიის მხარდამჭერი იყავი ან ხარ“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

 

რაც შეეხება პროტესტის ფორმებს, ჯაფარიძის თქმით, ფორმები შეიძლება იყოს ბევრნაირი, მათ შორის სუს-ის შენობის ორივე მხრიდან ჩაკეტვა.

 

„შეიძლება სუს-ის შენობა ორივე მხრიდან ჩაკეტოს. ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ სუს-ის ჩახერგვა, რაც ჩვენ გაგვიკეთებია, ექვსი სუს-ის შენობა ჩავხერგეთ ერთდროულად მარტო ჩვენ სხვადასხვა ქალაქში. ეს იყო ექვსი მანქანის გაკეთებული. შეგიძლია გააკეთო 60 მანქანით. ფორმები შეიძლება იყოს ბევრნაირი, მოფიქრება შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან ფორმების შინაარსი არის ის, რომ ადამიანებს მოუნდეთ გაიაზრონ, სად ცხოვრობენ და მოუნდეთ მონაწილეობის მიღება. პროტესტი შეიძლება იყოს ბევრგან, ბევრნაირი. ისიც არ არის აუცილებელი, ეს კოორდინირებული იყოს ერთი ცენტრიდან. გათვლა უნდა იყოს იმაზე, რომ ეს უნდა იყოს მზარდი, სულ უფრო მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა და საბოლოო ჯამში კულმინაცია უნდა იყოს ისეთი, რომ აიძულოს ხელისუფლება, წავიდეს რიგგარეშე არჩევნებზე. მოკლე ფორმულა არის ეს. შეიძლება დაიწყოს აგვისტოდანაც, შეიძლება დაიწყოს სექტემბრიდან. ეს უნდა იყოს მზარდი პროტესტი, არაძალადობრივი, სადაც უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, მოუნდება რომ გახდეს ამის ნაწილი. წამლეკავი ეფექტი უნდა მიიღო. მარტო ძალით შეიძლება ამათ დაათმობინო ხელისუფლება, მარტო მაგ შემთხვევაში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნებს. ბევრი ხალხი ქუჩაში არის მთავარი ფაქტორი, რომელიც ცვლის ხელისუფლებას“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

 

ამასთან, მისი თქმით, ჯამში ოპოზიციის პრობლემა არის ის, რომ არავის ჯერა, რომ რომელიმეს ცალკე აღებულს შეუძლია ივანიშვილის დამარცხება, რაც ბევრ თანმდევ პრობლემას აჩენს. კითხვაზე – თქვენ რაზე ხართ წამსვლელი, ჯაფარიძე პასუხობს – ბევრ რამეზე, მათ შორის შენობების აღებაზეც.

 

„თუ დაპირისპირების გზა მათ შორის გადის იმაზე, რომ შენობიდან გამოაგდო ვიღაცა, თუ ამ პუნქტებზე ვთანხმდებით, რომ ასეა და ყველა ამას გააზრებულად ვაკეთებთ, ეს შენობა ბიძინასი კი არ არის, იმ ხალხის არის, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი და რა პრობლემაა, რომ შევიდნენ და იქიდან წიხლებით გამოყარონ. ასე თუ გააგრძელებს ოპოზიცია, რა ფორმაშიც ახლაა, 2024-შე ვერაფერს ვერ ცდის“ – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

Back to top button