18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, უფროსი სერჟანტის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის საფლავთან მისი ოჯახის წევრები, თანამებრძოლები, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიისა და IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები შეიკრიბნენ. მათ გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
დღესვე სერჟანტთა აკადემიის სახელით გიორგი ანწუხელიძის საფლავზე მემორიალური ქვა დაიდგა. IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა კი, ეროვნული გმირის ოჯახს სიმბოლური საჩუქარი – IV ქვეითი ბრიგადის საპატიო დაფა წარწერით „მადლობა თქვენი სამსახურისა და გაწეული ღვაწლისთვის“ გადასცეს.
უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე იყო. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება, მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.