თავდაცვის სამინისტროში საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის პროგრესის მიმოხილვის პირველი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის მიმდინარეობის შუალედური შეფასების მიზნით საქართველოში აშშ-ის ევროპული სარდლობის ბრიგადის გენერალი ედვარდ ვონი ჩამოვიდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ გაფართოებულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა. საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის პროგრესის მიმოხილვის შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრო. შეხვედრაზე ამერიკული მხარე წარმოდგენილი იყო აშშ-ის ევროპული სარდლობის, პენტაგონის და საქართველოში აშშ-ის წარმომადგენლებით.

 

მხარეებმა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის მიმდინარეობა დადებითად შეაფასეს და  შეკავების, წინააღმდეგობისა და მედეგობის გაძლიერების კუთხით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს.

შეხვედრის მიმდინარეობისას ვიდეოკონფერენციის საშუალებით აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერი ჩაერთო. მან  თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის  მიმდინარეობას დადებითი შეფასება მისცა და მის იმპლემენტაციაში მონაწილე მხარეებს წარმატება უსურვა.

 

აღინიშნა, რომ აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ გაფორმებული ინიციატივა, რომელიც ქვეყნის მედეგობას განამტკიცებს, სტრატეგიული პარტნიორობის ახალ საფეხურად და მომავალი ათწლიანი დინამიური თანამშრომლობის საფუძვლად განიხილება. საუბარი შეეხო ასევე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მძიმე გარემოსა და მზარდ საფრთხეებს, საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების კონკრეტულ ნაბიჯებს, აშშ-საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებებს, ამ პროცესში აშშ-ის ევროპული სარდლობის მნიშვნელოვან კონტრიბუციასა და მხარდაჭერას.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოსებ ბილბო, დელეგაციის წარმომადგენლები და საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის ძალისხმევის ხაზების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

Back to top button