კომპანია Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მითითებით Facebook-ში ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის სკანდალთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება შეზღუდა.
მარკ ცუკერბერგის თქმით, მან FBI-სგან გაფრთხილება მიიღო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული შესაძლო რუსული პროპაგანდის შესახებ.
„ჩვენ ვიფიქრეთ: თუ FBI, რომელიც ლეგიტიმური ინსტიტუტია ამ ქვეყანაში, ჩვენთან მოდის და გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, მაშინ მსურს სერიოზულად მოვეკიდო ამას“, – აღნიშნა მარკ ცუკერბერგმა.
გამოცემა New York Post-მა 2020 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ინფორმაცია გაავრცელა ჰანტერ ბაიდენის მიტოვებული ლეპტოპის შესახებ, რომელიც კონფიდენციალურ და სკანდალურ მასალებს შეიცავდა.
აღსანიშნავია, რომ თავის დროს ჰანტერ ბაიდენთან დაკავშირებული სკანდალი უგულებელყოფილი იყო ამერიკული მეინსთრიმ მედიასაშუალებების მხრიდან, ხოლო Twitter-ი ბლოკავდა აღნიშნულ ამბავზე ბმულების გაზიარებას.
მარკ ცუკერბერგის განცხადებას „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ენდრიუ კლაიდი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არჩევნებში ჩარევაა.
„ეს უბრალოდ სიგიჟეა, ეს არჩევნებში ჩარევაა. ცუკერბერგმა ჩვენება უნდა მისცეს წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტს“, – განაცხადა მან.