ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას, გიგა ბოკერიამ ვითომ ხუმრობით თქვა, რუსეთის აგენტობას „ცეერუს“ აგენტობა ჯობიაო. სხვა კონტექსტში და სხვა ადამიანის პირით ნათქვამი ეს სიტყვები მართლა ხუმრობად შეიძლება მიგვეღო. თუმცა, ბოკერიას განცხადებას ოდნავ თუ ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ მან თავისი სიტყვებით საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილში საკმაოდ ღრმად გამჯდარი დამოკიდებულება გაახმოვანა – ამის შესახებ ფილოსოფისმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში არცთუ მცირე რიცხოვნობით არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამერიკის აგენტობა არათუ სათაკილო მოვლენა, პატივსაცემი სტატუსიც კი არის.
“ამ დროს, სინამდვილეში, აგენტი აგენტია, რომელ სახელმწიფოსაც არ უნდა ემსახურებოდეს ის. აგენტობა თავის თავში გულისხმობს სხვა ქვეყნის მსახურებას ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი საჭიროებისათვის, მათ შორის, იმის გარდაუვალი დაშვებით, რომ ეს საჭიროება, კონკრეტულ ვითარებაში, შენი ქვეყნის ინტერესებთანაც შეიძლება მოვიდეს უხეშ წინააღმდეგობაში. შესაბამისად, სხვა ქვეყნის აგენტობა უკვე თავისთავად, ყოველგვარი დამატებითი გარემოებების გაუთვალისწინებლად, სამშობლოს ღალატს ნიშნავს. აქედან გამომდინარე, აგენტობა ყველა შემთხვევაში უაღრესად სათაკილო და ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, აგენტორული ვალდებულებებით ოკუპანტ სახელმწიფოსთან ხარ დაკავშირებული თუ არაოკუპანტთან.
აქ დამატებით ის გარემოებაც არის მხედველობაში მისაღები, რომ ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, დიდი სახელმწიფოები საქართველოს გლობალური პოლიტიკის პრიზმაში განიხილავენ და ასეთ დროს, მათთვის ლოკალური ქართული ინტერესების მხედველობაში მიღება საკმაოდ რთულია. გლობალურ და ლოკალურ ინტერესებს შორის დიდი ქვეყანა უპირატესობას ყოველთვის გლობალურ ინტერესებს მიანიჭებს. დიდი პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე, საქართველო, როგორც ძალიან პატარა ქვეყანა, სამწუხაროდ, პაიკად არის მოაზრებული, მოჭადრაკე კი პაიკს მხოლოდ იმ შემთხვევაში უფრთხილდება, თუ მას საჭადრაკო პარტიაში თავისი არსებობით მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. მაგრამ თუ მოჭადრაკე ხედავს, რომ პარტიის მოსაგებად პაიკის გაწირვით უკეთეს შედეგს მიიღებს, ბუნებრივია, უპირატესობას პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიანიჭებს და გლობალურ ინტერესებს თვალის დაუხამხამებლად შეგწირავს. ასეთ პირობებში, იმის ალბათობა, რომ ამერიკის აგენტს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლა შეიძლება მოუწიოს, ძალზე მაღალია.
ამის საუკეთესო მაგალითი დღევანდელი გლობალური და რეგიონული პოლიტიკური მოვლენებია. ჩვენ ვაკვირდებით გლობალური პოლიტიკის საჭადრაკო პარტიას, სადაც ამერიკამ უკრაინასა და საქართველოს გასაწირი პაიკების როლი მიაკუთვნა. როგორც საერთაშორისო მედიაში არაერთხელ დაიწერა, დღეს ამერიკა უკრაინაში რუსეთს ებრძვის უკანასკნელ უკრაინელამდე და საქართველოსთვისაც იგივე როლი ჰქონდა მოაზრებული. ამაზე ჩვენ არც უნდა გავბრაზდეთ და არც უნდა გავნაწყენდეთ.
მამლუქის სიტყვები უნდა გავიხსენოთ – გვეუბნებიან, ბიჭები ვართ და მოვდივართო და ჩვენც, თუ ბიჭები ვართ, უნდა დავხვდეთ და ქვეყანა დავიცვათ, რომ გლობალური ინტერესებისათვის მისი გაწირვის საშუალება არავის მივცეთ.
თუ ამერიკელებს საქართველოს გაწირვისთვის დიდწილად ვერ გავამტყუნებთ, ამას მის ქართველ აგენტებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. როდესაც ქართველი გქვია და ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, შენგან იმ საქმეში მონაწილეობას, რომელიც საქართველოს გასაწირ პაიკად ქცევას ითვალისწინებს, არავითარი გამართლება არა აქვს.
შესაბამისად, არავითარი გამართლება არა აქვს იმ ადამიანების ქმედებებს, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების მეორე დღიდან თბილისში ანტისამთავრობო აქციებს აორგანიზებდნენ და ქვეყნის არევას ცდილობდნენ; საქართველოს ომისკენ მიექაჩებოდნენ და მთავრობისგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაშვებას და დიდი ოდენობით იარაღის შესყიდვას მოითხოვდნენ; ბაკურიანში იკრიბებოდნენ და რეგიონში შექმნილი უმძიმესი ვითარების პირობებში, საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებას გეგმავდნენ და ა.შ.
უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, აგენტურის საქმიანობა სათანადოდ უნდა შეფასდეს და თითოეულ აგენტს ქართულმა საზოგადოებამ სათანადო პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოუტანოს. როგორც ცნობილია, არა მხოლოდ შემდგარი დანაშაული, არამედ დანაშაულის მცდელობაც დასჯადია. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ სასჯელს უნდა დაექვემდებაროს ყველა აგენტი, რომელიც საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდა, მაგრამ შედეგის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების პრინციპული და სახელმწიფოებრივი პოზიციის გამო ვერ შეძლო.
გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს პრინციპულობა აგენტების მიმართ, რომელ უცხო ქვეყანასაც არ უნდა ემსახურებოდნენ ისინი. სააკაშვილის და გვარამიას მაგალითზე ვნახეთ, რომ აგენტების დაპატიმრებაზე ამერიკელები მძიმედ რეაგირებენ. თუმცა, თუ გვინდა სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნოთ და ომის საფრთხე საბოლოოდ ავიცილოთ თავიდან, ასეთ საკითხებში სისუსტის ჩვენება და უკან დახევა დანაშაულის ტოლფასი იქნება – აცხადებს შათირიშვილი.