ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ არც საქართველოში და არც უკრაინაში ომი არ იქნებოდა, 2008 წელს ეს ქვეყნები NATO-ში რომ მიეღოთ.
როგორც ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირი „სინანულით“ საუბრობს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებზე და თითქოს, ამ „სინანულით“ და „შეცდომის აღიარებით“ ალიანსისთვის პირის მოწმენდას ცდილობენ.
მისივე თქმით ჩნდება სრულიად ლეგიტიმური ეჭვი და ვარაუდი, რომ სწორედ იმიტომ ეთქვათ უარი ალიანსის მხრიდან საქართველოს და უკრაინას, რომ ომი იქნებოდა გარდაუვალი, რაც გამოიწვევდა რუსეთის დასუსტებას და საერთაშორისო იზოლაციას.
„რამდენიმე დღით გვიან, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რეზნიკოვის განცხადებას. ერთი შეხედვით მას უცნაური არაფერი უთქვამს. მოდით, გავიხსენოთ მისი ზუსტი ციტატა: „არც საქართველოში და არც უკრაინაში ომი არ იქნებოდა, 2008 წელს ეს ქვეყნები NATO-ში რომ მიეღოთ“… კი, მართალია, მაგრამ ეს განცხადება იცით რას გავს, რაღაც საკითხზე მსჯელობას რომ ბოლოდან, ანუ დამდგარი შედეგიდან დაიწყებ. მით უმეტეს უმძიმესი განცხადებაა იმ ფონზე, რომ ეს შედეგი, ანუ ეს ბოლო არის ომი, დანგრეული ქალაქები და სოფლები, დახოცილი ადამიანები და რუსეთის მიერ წაღებული ტერიტორიები. არ ვარ დარწმუნებული, რომ რეზნიკოვის ეს განცხადება მხოლოდ მისი მოსაზრებაა. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირი „სინანულით“ საუბრობს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებზე და თითქოს, ამ „სინანულით“ და „შეცდომის აღიარებით“ ალიანსისთვის პირის მოწმენდას ცდილობენ, მაგრამ მე საკითხს სრულიად სხვაგვარად დავაყენებდი – ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, რომ ალიანსის მესვეურებმა ძალიან კარგად იცოდნენ მათი გადაწყვეტილების, ანუ საქართველოსა და უკრაინისთვის უარის თქმას რა შედეგი მოჰყვებოდა. ანუ მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ რუსეთი მათ უარს გამოიყენებდა და მაქსიმალურად გაამწვავებდა სიტუაციას რუსეთის ფედერაციასა და ალიანსის საზღვრებს შორის მოქცეულ ორ ქვეყანაში…
ამიტომ ჩნდება სრულიად ლეგიტიმური ეჭვი და ვარაუდი, რომ სწორედ იმიტომ ეთქვათ უარი ალიანსის მხრიდან საქართველოს და უკრაინას, რომ ომი იქნებოდა გარდაუვალი, რაც გამოიწვევდა რუსეთის დასუსტებას და საერთაშორისო იზოლაციას. ანუ მარტივად რომ ვთქვა, მსჯელობა – ჩვენ რომ ნატოში გავწევრიანებულიყავით, ომი არ იქნებოდა, არის მცდარი. სწორია – სწორედ იმიტომ არ მიგვიღეს ნატოში, რომ ეს ომები ყოფილიყო!“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.