,,გავეცანით ერთ-ერთ პუბლიკაციას, სადაც საუბარია საქართველოში ამერიკის აგენტურაზე. ჩამოთვლილია 20-მდე ქართველი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და მითითებულია, რომ ისინი წარმოადგენენ ამერიკის აგენტურას საქართველოში,”- ასე ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე საინფორმაციო სააგენტო ONGO მიერ გამოქვეყნებულ მასალას საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, პუბლიკაციაში ჩამოთვლილი პირები სხვადასხვა ეტაპზე მეტ-ნაკლები გავლენით სარგებლობდნენ სააკაშვილის გუნდში და მასთან ერთად არიან პასუხისმგებელი იმ კურსზე რომელიც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული.
ასევე, მისი თქმით, არ უნდა გამოგვრჩეს ლევან რამიშვილისა და მარკ მალენის როლი, რომელთა თავებშიც იხარშებოდა ამ გუნდის სტრატეგია და ტაქტიკა, რომელიც ემსახურებოდა და ემსახურება დამფინანსებელი ქვეყნის ინტერესებს საქართველოს ინტერესების საზიანოდ.
აქვე კაკაბაძე წერს, რომ მაშინაც და ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც, საქართველოში ამ ძალებს მფარველობენ აშშ-სა და ევროპის გავლენიანი ძალები. როგორც ჩანს, ამიტომაც ეძახიან მათ აშშ-ს აგენტებს, ეს ის ხალხია, რომლებმაც უღალატეს ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის იდეალებს.
,,ვინ ვისი (თუ რისი) აგენტია საქართველოში გავეცანით ერთ-ერთ პუბლიკაციას, სადაც საუბარია საქართველოში ამერიკის აგენტურაზე. ჩამოთვლილია 20-მდე ქართველი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და მითითებულია, რომ ისინი წარმოადგენენ ამერიკის აგენტურას საქართველოში.
ვფიქრობთ, უცხო ქვეყნის აგენტურის ძებნა და მით უმეტეს, მათი ასეთ კატეგორიას მიკუთვნების მტკიცება უმადური საქმეა, სულ ერთია, ეს აგენტი ამერიკის იქნება, რუსეთის, თურქეთის თუ მანჯურიის. ალბათ უფრო უპრიანია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მიზნებს, ღირებულებებს თუ იდეალებს ემსახურება ესა თუ ის პოლიტიკოსი თუ სამოქალაქო აქტივისტი და აქედან გამოვიტანოთ დასკვნები.
პუბლიკაციაში სწორად არის გაშიფრული ის სქემა, რომლითაც ხდებოდა მედია საშუალებების და მთელი საინფორმაციო სივრცის სრული მონოპოლიზება, რის შედეგადაც საბჭოთა პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციების გამოყენებით ადამიანების ტვინების გამორეცხვის გზით დემოკრატიის სახელით მიმდინარეობდა (და დღესაც მიმდინარეობს) განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ბულინგი, მათი კეთროვანებად გამოცხადება და მოკვეთა საზოგადოებიდან.
90-იანი წლების შუა ხანებიდან საქართველოში იყო არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნისა და მათი გავლენების გაძლიერების ბუმი. ერთ-ერთი პირველი ჩვენი ორგანიზაციაც იყო, რომელმაც დაიწყო ბრძოლა ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისათვის. ამ ღირებულებებისათვის ბრძოლის დროშა მაშინ სააკაშვილმა აიტაცა, რის შედეგადაც პოპულარობაც მოიპოვა და ძალაუფლებაც, მაგრამ როგორ გამოიყენა ეს ძალაუფლება, როგორ შექმნა დემოკრატიული ლოზუნგების საფარქვეშ ანტიდემოკრატიული რეჟიმი, ეს ყველამ ვიცით.
რაც შეეხება პუბლიკაციაში ჩამოთვლილ დანარჩენ პირებს, დიახ, ისინი სხვადასხვა ეტაპზე მეტ-ნაკლები გავლენით სარგებლობდნენ სააკაშვილის გუნდში და მასთან ერთად არიან პასუხისმგებელი იმ კურსზე რომელიც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული. აქ არ უნდა გამოგვრჩეს ლევან რამიშვილისა და საქართველოში მოვლენილი ამერიკელის მარკ მალენის როლი, რომელთა თავებშიც იხარშებოდა ძირითადად ამ გუნდის სტრატეგია და ტაქტიკა, რომელიც ემსახურებოდა და ემსახურება დამფინანსებელი ქვეყნის ინტერესებს საქართველოს ინტერესების საზიანოდ. როდესაც აშკარა გახდა, რომ ეს ხალხი უფლებების დაცვის და დემოკრატიისთვის კი არა, მხოლოდ ნებისმიერი გზით ძალაუფლების მოსაპოვებლად იბრძოდა, მაშინ გაიყარა ჩვენი გზები, ეს გაყრა მით უმეტეს გამართლებული აღმოჩნდა, როდესაც 2004-2012 წლებში მათ თავი გამოავლინეს როგორც უკანონობის, მწამებლების და უსამართლობის შემოქმედებმა და დამცველებმა.
მთავარი ის არის, რომ მაშინაც და ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც, საქართველოში ამ ძალებს მფარველობენ აშშ-სა და ევროპის გავლენიანი ძალები. როგორც ჩანს, ამიტომაც ეძახიან მათ აშშ-ს აგენტებს. ჩვენ ცოტა სხვანაირად ვიტყოდით. ეს ის ხალხია, რომლებმაც უღალატეს ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის იდეალებს. თუმცა, შეიძლება ამ იდეებისადმი მათი ერთგულების დემონსტრირება თავიდანვე მოჩვენებით იყო და როდესაც ძალაუფლების მოპოვებისათვის ბრძოლის ტექნოლოგია კარგად აითვისეს, მთავარ მიზნად ფულის და ძალაუფლების მოპოვება დაისახეს, რისთვისაც ნებისმიერ ეშმაკს შეეკვრებიან, ხოლო გასამართლებელ თეორიად „კეთილშობილური“ მიზნები აქვთ, რომელთა მისაღწევადაც ყველა საშუალების გამოყენება შეიძლება.
რაც შეეხება დასავლეთის მხრიდან მათ ასეთ თავგამოდებულ მხარდაჭერას, ნუ დაგვავიწყდება, რომ დასავლეთი „ის თამრო აღარ არის“, რომელიც პატიოსნებით და ღირსებით გამოირჩეოდა. მან გადალახა ბევრი წითელი ხაზი იმისათვის, რომ ასეთად აღარ მიიჩნეოდეს – იუგოსლავიის სისხლიანი დაბომბვებით და სერბეთისთვის გულის (კოსოვოს) ამოგლეჯით დაწყებული და ერაყში, ავღანეთში და სხვა ქვეყნებში უღირსი მოქმედებებით და მოკავშირეთა სასიკვდილოდ გაწირვით დამთავრებული.
ამიტომ ვფიქრობთ, დღეს საუბარი იმაზე კი არ უნდა იყოს, ვინ ვისი აგენტია (მით უმეტეს, ამის ფაქტობრივი დადასტურება შეუძლებელია), არამედ იმაზე, ვინ როდის უღალატა იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლისთვისაც ჩვენ, 70-80-იანი წლების დისიდენტები ვიბრძოდით. სამწუხაროა, რომ რეიგანისა და ბაიდენის ამერიკა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. საერთო მათ მხოლოდ რიტორიკა დარჩათ, თორემ ამ რიტორიკის ქვეშ ღირსების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის, სიცოცხლის უფლების, გადაადგილების თავისუფლების და სხვა ღირებულებების ქვეშ დღევანდელი ამერიკელები სრულიად განსხვავებულ შინაარსს დებენ, ვიდრე რეიგანის დროინდელი თაობის ამერიკელები. ადრე დასავლეთი ისეთი უფლებადაცვითი ორგანიზაციების შექმნას უწყობდა ხელს, რომლებიც გააკონტროლებდნენ არადემოკრატიული ქვეყნების რეჟიმებს, დღეს კი პირიქით, სწორედ ნაცების მსგავსი არადემოკრატიული ძალის გაძლიერებას და ხელისუფლებაში მოყვანას უწყობს ხელს.
ანუ, იმ პუბლიკაციაში დასახელებული პოლიტიკოსები და სხვა პირები თუ ვინმეს აგენტები არიან, ჩვენი აზრით, არიან არა აშშ-ს ან კონკრეტულად რომელიმე ქვეყნის აგენტები, არამედ წარმოადგენენ იმ ძალებს, რომლებიც დემოკრატიული და ლიბერალური ლოზუნგების საფარქვეშ იბრძვიან სწორედ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ და ანტიდემოკრატიული რეჟიმების გამარჯვებისთვის. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ეს ნამდვილად ასეა. მთავარი პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ვინმე გრანტების სახით რაღაც ფინანსურ დახმარებას დასავლეთიდან იღებს, არამედ ის, რომ ასეთი ადამიანები მზად არიან ამ დაფინანსებისთვის ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებები განახორციელონ. ამის საილუსტრაციოდ ბოლო მაგალითიც კმარა, როდესაც სხვა ქვეყნის ინტერესებისათვის და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ეს ადამიანები პირდაპირ თუ არაპირდაპირ ცდილობდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, რისთვისაც დიდი ფულადი თუ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ელოდებოდნენ,” – წერს კაკაბაძე.