„სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა სპორტშიც კი მოახერხეს პოლიტიკის შემოტანა და აჩვენეს, რომ ქართული სპორტის წარმატება ისევე სწყინთ და არ უხარიათ, როგორც არ უხარიათ ჩვენი ქვეყნის წარმატება ნებისმიერ სხვა სფეროში”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ქართველ სპორტსმენებს მიღწეული წარმატებებისთვის და ისტორიული გამარჯვებებისთვის მადლობა გადაუხადა. უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, სამწუხაროდ, ოპონენტებს საქართველოს მიერ მიღწეული ნებისმიერი წარმატება აღიზიანებთ.
„მათ მოახერხეს და ხვიჩა კვარაცხელიასაც კი დაუპირისპირდნენ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სახელი მხოლოდ იტალიაში კი არა, მსოფლიოს მასშტაბით ღირსეულად გააქვს. „ნაციონალებმა”, სპორტის სახეობა არ დატოვეს, რომ ყველაზე წარმატებულ ჩვენს სპორტსმენებს არ დაპირისპირებოდნენ. ყველას გვახსოვს, მაგალითად, თავდასხმები ლაშა ტალახაძეზე. ეს არის კაცი, რომელმაც ორი ოლიმპიადა მოიგო და რომელიც ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანი და აქაც კი მოახერხეს თავდასხმა. გვახსოვს სამარცხვინო კამპანია თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ, დაახლოებით, ერთი წლის წინ. ამის კულმინაცია იყო თავდასხმა ხვიჩა კვარაცხელიაზე – ნაციონალების ცნობილი სახეების შესრულებით. ყველას გვესმის, რომ ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე ხვიჩაზე მაგარი თავდამსხმელები ვერასდროს გახდებიან და მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ ჩრდილი მიაყენონ ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებებს, რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვის არის განწირული. თუმცა, თავად ფაქტია საინტერესო და ნიშანდობლივი: ამ ადამიანების ერთობლიობას – რადიკალურ ოპოზიციას ორგანულად აღიზიანებს და აშფოთებს ნებისმიერი წარმატება, რომელსაც საქართველო აღწევს. დღეს „ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ძველმა სახემ, გია ნოდიამ, საინტერესო რამ თქვა: დღეს ხვიჩა კვარაცხელიაზე ხუმრობას ისეთივე სტატუსი აქვს, როგორც 15 წლის წინ პატრიარქის კრიტიკას ჰქონდაო. ანუ აღიარა, რომ 15 წელი „იღწვოდნენ”, რათა პატრიარქის ავტორიტეტს რამენაირად შეხებოდნენ. ალბათ ასეთივე რუდუნებით აპირებენ სპორტსმენებზე შეტევის გაგრძელებასაც, თუმცა, ამ ბრძოლაში ზუსტად ისევე დამარცხდებიან, როგორც პატრიარქთან და ეკლესიასთან არაერთგზის უკვე დამარცხნდნენ.
ეს ადამიანები არიან პოლარიზებულები არა ჩვენთან, არამედ საკუთარ სამშობლოსთან, ხალხთან, ეკლესიასთან, სპორტსმენებთან, ზოგადად, ყველაფერ წმინდასთან, რაც ჩვენს ქვეყანას უკავშირდება და განასახიერებს”,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
მისივე შეფასებით, ამ პირობებში, რთული წარმოსადგენია, რამ შეიძლება ოპოზიციის ნაწილს რადიკალიზმზე უარის თქმა აიძულოს.
„ასეთ პირობებში, რამ შეიძლება ეს პირდაპირი გაგებით უსამშობლოო და უღმერთო ადამიანები აიძულოს, უარი თქვან რადიკალიზმზე, ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა წერილები იმის შესახებ, რომ თქვენ ცუდად არა საკუთარი უკეთურების, არამედ ვიღაცის აგენტობის გამო იქცევით. მე ამ თემაში დღეს ნამდვილად ვერ შევალ, თუმცა, ერთ რამეს ვიტყვი: თქვენ რომ საქართველოს სამსახურში არ დგახართ და მისი სიყვარული და ინტერესები არ გამოძრავებთ, ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის ცხადზე უცხადესია”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.