მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს იმ ემოციური დღეებისთვის, რომელიც გვაჩუქეს და რამდენიმე დღისთვის, რომელიც იყო ძალიან წარმატებული ქართული სპორტისთვის – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა, სამწუხაროდ, აქაც კი შეძლეს პოლიტიკის შემოტანა და აჩვენეს, რომ საქართველოს სპორტული წარმატება ზუსტად ისევე სწყინთ, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმატება ნებისმიერ სხვა სფეროში.
„ვიდრე პოლიტიკაზე გადავალ, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს იმ ემოციური დღეებისთვის, რომელიც გვაჩუქეს და რამდენიმე დღისთვის, რომელიც იყო ძალიან წარმატებული ქართული სპორტისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო წყალბურთელებს, რომლებმაც მიაღწიეს ისტორიულ შედეგს გავიდნენ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში და გავიდნენ რვა საუკეთესო გუნდს შორის, რაც მართლა ისტორიული შედეგია. კალათბურთელებს ძალიან დიდი მადლობა თურქეთის ძალიან ძლიერ ნაკრებთან ძალიან ღირსეული გამარჯვებისთვის. ლაშა ბექაურს მინდა გადავუხადო მადლობა ოლიმპიადის შემდეგ ოფიციალურ ტურნირებზე ძალიან წარმატებული დაბრუნებისთვის და პირველი ღირსეული გამარჯვებისთვის. ნიჩბოსან ალექსანდრე წივწივაძეს მინდა გადავუხადო ასევე მადლობა, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიგო ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი, რაც არის ძალიან დიდი წარმატება. და ბოლოს, მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც მართლაც წარმოუდგენელ სიხარულს გვანიჭებს და სიამაყის გრძნობას თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ გულშემატკივარს.
მადლობა ჩვენს სპორტსმენებს, მინდა წარმატებები ვურუსვო კალათბურთელებსა და წყალბურთელებს მომდევნო თამაშებში და ხვიჩა კვარაცხელიას მინდა წარმატებები ვუსურვო ხვალ ჩემპიონთა ლიგის დებიუტზე“ სპორტის თემაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ ჩვენმა ოპონენტებმა, აქაც მოახერხეს პოლიტიკის შემოტანა და აჩვენეს, რომ ქართული სპორტის წარმატება ისევე სწყინთ და არ უხარიათ, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმატება სწყინთ და არ უხარიათ ნებისმიერ სხვა სფეროში. მათ მოახერხეს და ხვიჩა კვარაცხელიასაც კი დაუპირისპირდნენ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სახელი მარტო იტალიაში კი არ გააქვს , მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააქვს ძალიან ღირსეულად – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.