ყველაზე კარგი პასუხი მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის განცხადებას გასცა თავად მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ მეორე დღეს, საკუთარი პოსტით, სადაც ის წუწუნებდა, რომ მის მოწოდებას რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით მოყვა დაცინვა – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, ოპოზიციაშიც ხვდებიან, რომ თუ დღეს არჩევნები ჩატარდება, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს.
მისი თქმით, „ქართულ ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთმანეთში აერთიანებს პატრიოტიზმს და ევროპულობას.
„ყველაზე კარგი პასუხი მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის განცხადებას გასცა თავად მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ მეორე დღეს, საკუთარი პოსტით, სადაც ის წუწუნებდა, რომ მის მოწოდებას რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, მოყვა პირდაპირი დაცინვა. მე მგონი, თავად ეს იდეაც დისკრედიტებულია და ყველა კარგად ხვდება, ვის რა ელექტორალური მხარდაჭერა აქვს. თვითონაც ხომ ამბობენ, რომ დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო დამაჯერებლად მოიგებს, რატომ? ამ კითხვას, რატომ არავინ სვამს? იმიტომ ხომ არა, რომ სწორედ, ამ კრიტიკულ პერიოდში, როდესაც უსაფრთხოების გამოწვევები იყო, „ქართული ოცნება“ იყო , რომელიც დადგა ქართველი ხალხის ინტერესების მხარეს. ამიტომ ხომ არ ფიქრობს ხალხი, რომ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობენ, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო მხარეს დადგნენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაფიქრდეს, თუ რატომ აქცია ქართველმა ხალხმა ზურგი.
„რა პრობლემა აქვთ საარჩევნო სისტემასთან? 10-ჯერ უარესი და ცუდი სისტემით, 2012 წელს მოიგო „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები. საარჩევნო სისტემებზე გადაბრალება, სწორედ, მაშინ ხდება, როდესაც არ გაქვს საკუთარი მოქალაქეების იმედი. კარგია, რომ გააცნობიერეს, რომ არჩევნებზე წარმატების შედეგი დღეს არ აქვთ. უნდა დაფიქრდნენ, რატომ არ აქვთ. რატომ აქცია ქართველმა ხალხმა მათ ზურგი, როგორც მაშინ იმ აქციაზე, როდესაც რადიკალური მოთხოვნები ჰქონდათ.
დღევანდელი ხელისუფლება ორ მთავარ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ეს არის პროევროპულობა და ეს არის პატრიოტიზმი. ამ ორი მნიშვნელოვანი თვისების ნაზავი უნდა ნახოს ქართულმა საზოგადოებამ, სწორედ ამას ხედავს „ქართულ ოცნებაში“ , რომ ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთმანეთში აერთიანებს პატრიოტიზმს და ევროპულობას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.