ბევრ საკითხზე არის თანხმობა. ერთადერთი რაც ახლა სჭირდება ოპოზიციის ნაწილს, რომელსაც შეიძლება არ აქვს დესტრუქციული დღის წესრიგის აყოლის სურვილი, არის გამბედაობა – მიაჭირონ ღილაკს ხელი არა იმ ინსტრუქციით, რომელიც მოდის პარტიიდან, არამედ იმ შინაგანი რწმენით, რომელიც მათ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც წამყვანის მიერ პარლამენტის სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ წარმოებული სამუშაო პროცესი ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით ბევრად უფრო გამჭვირვალე, ინკლუზიური და სერიოზულია.
„ოპოზიციის წარმომადგენლები პირად საუბრებში ადასტურებენ პროცედურის მხარდაჭერას, თუმცა როდესაც საქმე საქმეზე მიდგება და ღილაკის დაჭერაზეა საუბარი, თავს იკავებენ, იმიტომ, რომ დესტრუქციული დღის წესრიგი შეინარჩუნონ და ცუდი ვიზუალი შექმნან საქართველოსთვის. ოპოზიციის 8 ჯგუფიდან 5 იყო ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში, 3-ს ჰქონდა საკუთარი პარტიული სამუშაო პროცესი. შეუძლიათ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოადგინონ ნებისმიერი პროექტი და მოხდება მისი განხილვა კომიტეტებში. ჩვენი სამუშაო პროცესი იყო უფრო ინკლუზიური, უფრო გამჭვირვალე და უფრო სერიოზული, საპარლამენტო პროცესი, რომელსაც დააინიცირებს კომიტეტი. ცხადია, ამას სხვა დატვირთვა და მეტი სიძლიერე აქვს.
სამწუხაროდ, საჯაროდ გაჟღერებული პოზიციები განსხვავდება ხოლმე პირად საუბრებში გაჟღერებული პოზიციებისაგან. ბევრ საკითხზე არის თანხმობა, ერთადერთი რაც ახლა სჭირდება ოპოზიციის ნაწილს, რომელსაც შეიძლება არ აქვს დესტრუქციული დღის წესრიგის აყოლის სურვილი, არის გამბედაობა, რომ მიაჭირონ ღილაკს არა იმ ინსტრუქციით, რომელიც მოდის პარტიიდან, არამედ იმ შინაგანი რწმენით, რომელიც მათ აქვთ. ვგულისხმობ ცალკეულ დეპუტატებს, რომლებიც ცალკე გვეუბნებიან, რომ პრობლემა არ არის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.