მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ოფიციალურად დასრულდა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ კოლოფებად მოწყობილ სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და აშშ-ის არმიის V კორპუსის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯეფრი ბროუდვოთერმა. სიტყვით გამომსვლელებმა ყურადღება საქართველოსთვის საერთაშორისო სწავლებებისა და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილეს და „ღირსეული პარტნიორი 2022“-ში მონაწილე სამხედროებს სწავლების წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიება სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით გაგრძელდა. თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უცხოელი და ქართველი სამხედროები წვრთნებში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით „ღირსეული პარტნიორი“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.
„ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დახურვა საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. სპეციალურად ამ დღეზე დასასწრებად საქართველოში უცხოელი გენერლები აშშ-დან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან და პოლონეთიდან ჩამოვიდნენ. ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლების დახურვის ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წევრები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისისა (ODC) და ევროკავშირის მონტიროინგის მისიის წარმომადგენლები.
სწავლების ოფიციალურ დახურვამდე ვაზიანის მე-11 პოლიგონზე საბრძოლო სროლებით მრავალეროვნული ბატალიონის დონის კომბინირებული საჩვენებელი სწავლება ჩატარდა. სიმულაციური სცენარის მიხედვით, მოწინააღმდეგემ მრავალეროვნული ბატალიონის თავდაცვით პოზიციებს შეუტია, რის შემდეგაც მრავალეროვნულმა ბატალიონმა კომბინირებული მოქმედებით მოწინააღმდეგე გაანადგურა და კონტრშეტევაზე გადავიდა, მოწინააღმდეგის დარჩენილი ძალების დამარცხების მიზნით. მრავალეროვნულმა ბატალიონმა მოწინააღმდეგის განადგურების მიზნით ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან „ჯაველინი“ 3 გასროლა განახორციელა. კონტრშეტევის დროს მოწინააღმდეგის თავდაცვითი დაბრკოლებების გარღვევა მრავალეროვნულმა საინჟინრო ასეულმა განახორციელა, რომელიც აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ოცეულისა და აშშ-ის ეროვნული გვარდიის დასავლეთ ვირჯინიის შტატის საინჟინრო ოცეულისგან იყო დაკომპლექტებული.
წელს საქართველომ „ღირსეულ პარტნიორს“ მეექვსედ უმასპინძლა. წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა (USAREUR) ხელმძღვანელობდა. მრავალეროვნულ სწავლებაში 2400-ზე მეტი სამხედრო იყო ჩართული. წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები იყვნენ: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრი (SWEDINT).