მამუკა მდინარაძე: ქვეყნის შიგნით ოპოზიცია და ოპოზიციური მედია ცდილობს “ქართული ოცნების“ დაზიანებას, ვერ გვაზიანებს, პირიქით, რეიტინგი გვემატება, ამ დროს ქვეყნის გარეთ ზიანდება არა „ქართული ოცნება“, არამედ საქართველოს და ქართველების იმიჯი

ქვეყნის შიგნით ოპოზიცია და ოპოზიციური მედია ცდილობს “ქართული ოცნების“ დაზიანებას, ვერ გვაზიანებს, პირიქით, რეიტინგი გვემატება, ამ დროს ქვეყნის გარეთ ზიანდება არა „ქართული ოცნება“, არამედ საქართველოს და ქართველების იმიჯი იმით, რომ კადრებენ საქართველოს მოსახლეობას, რომ თქვენ თურმე არჩეული გყავთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც რუსეთის საქმეს აკეთებს. ამას აკეთებენ მართლა რუსული საქმის მკეთებლები, ადამიანები, რომლებმაც ხელი მოუწერეს რუსეთს, რომ სამხედრო მოქმედებები ჩვენმა სამხედროებმა დაიწყეს 2008-ში“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, უსაფუძვლო და ფეიკ განგაშები მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ქვეყანას, ასევე აზიანებს საერთაშორისო მედიებში დაწერილი სპეკულაციური და ფეიკ სტატიები იმის შესახებ, რომ საქართველოში არის პრორუსული ხელისუფლება.

 

„ის, რომ მოლდოვას და უკრაინას მიენიჭა სტატუსი და საქართველოს ამ ეტაპზე არა და მხოლოდ პერსპექტივა მიიღო, ის, რომ საერთაშორისო მედიებში, ისეთ გამოცემებში, რამდენიმე მილიონიანი აუდიტორია რომ ჰყავს, იწერება სპეკულაციური და ფეიკ სტატიები იმის შესახებ, რომ საქართველოში არის პრორუსული ხელისუფლება და ასეთი ფეიკები იდგმება, ეს ნამდვილად აზიანებს. ქვეყნის შიგნით ვერაფერს გვიშვებიან, პირიქით, რეიტინგი გვეზრდება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ აზიანებენ საქართველოს. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც არ ჩერდებიან. რეალობა რომ იყოს, ამ შემთხვევაში თავი უნდა შეიკავო ადამიანმა და ოპოზიციონერმა, მაგრამ როდესაც ფეიკს აბრალებ და თან შენი ქვეყნის საზიანოდ, ცოტა უნდა დაფიქრდე მეტად, ხომ არ აზიანებ ქვეყანას და არა იმ კონკრეტულ სუბიექტს, რომელსაც ებრძვი. ჩვენ ვისთანაც უნდა გვქონდეს პრეტენზია ოკუპაციასთან დაკავშირებით, იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან დაკავშირებით და რასაც უნდა ვაკეთებდეთ, მაგალითად უკრაინის მხარდასაჭერად ნებისმიერ საერთაშორისო პლატფორმაზე, მათ შორის ჰააგაში სისხლის სამართლის წესით უკრაინის საჩივარს რომ ვუერთდებით და ბევრი ქვეყანა ვერ აკეთებს ამას და საქართველო აკეთებს, ამას უნდა აღვნიშნავდეთ და არა მოგონილ პანიკებს ვთესავდეთ საზოგადოებაში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც რეალურად საფუძველი არ გააჩნია. ტურისტებზე ხომ ერთი ამბავი იყო, აღმოჩნდა, რომ თურმე გაცილებით ნაკლები ტურისტია რუსეთის მოქალაქე საქართველოში შემოსული, ვიდრე 2019 წელს, თურმე მოგონილი იყო ამბავი. მგონია, რომ უსაფუძვლო და ფეიკ განგაშები მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ქვეყანას. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Back to top button