არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში მესამე სექტორში არსებული კლანის შესახებ წერს.
რადიკალური ოპოზიცია, მათთან აფილირებული “ექსპერტები” და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მუდმივად საუბრობს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ კლანზე, რომელიც უფრო იარლიყის მიწებებას გავს ვიდრე დასაბუთებულ ბრალდებას. რატომღაც არავინ ახსენებს მესამე სექტორში არსებულ კლანს, რომელიც ცდილობს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენების მოხდენას- წერს კაკაბაძე.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, არასამთავრობოების ეს კლანი დაფინანსების დიდ ნაწილს საკუთარი პიარისთვის და სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებისთვის იყენებს. მისივე თქმით ამგვარი დაფინანსებით განხორციელებული პროექტებით ისინი საქართველოში აყალიბებენ სასურველ საზოგადოებრივ აზრს და პოლიტიკურ განწყობებს. ეს კი იმის საფუძველია, რომ ახალი მილიონიანი დაფინანსებები მიიღონ დონორებისგან.
“მესამე სექტორში არსებული კლანის შესახებ რადიკალური ოპოზიცია, მათთან აფილირებული “ექსპერტები” და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მუდმივად საუბრობს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ კლანზე, რომელიც უფრო იარლიყის მიწებებას გავს ვიდრე დასაბუთებულ ბრალდებას. რატომღაც არავინ ახსენებს მესამე სექტორში არსებულ კლანს, რომელიც ცდილობს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენების მოხდენას.
როგორც ცნობილია, საქართველოში რამდენიმე ათასი არასამთავრობო ორგანიზაცია ფუნქციონირებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენენ, მაგრამ ამ საზოგადოების სახელით საუბრის პრეროგატივა მითვისებული აქვს მსუყედ დაფინანსებულ დაახლოებით 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც დასავლელი დონორებისგან მიღებული მრავალმილიონიანი ბიუჯეტით არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს დანარჩენ არასამთავრობოებს. ამ კლანის წარმომადგენელთა დაფინანსება უტოლდება და ზოგ შემთხვევებში უსწრებს კიდეც ქვეყანაში არსებული სამინისტროების ბიუჯეტს. არასამთავრობოების ეს კლანი დაფინანსების დიდ ნაწილს საკუთარი პიარისთვის და სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებისთვის იყენებს.
ამ საქმეში მათ აქტიურად ეხმარებიან საერთაშორისო ორგანიზაციებიც და საქართველოში წარმოდგენილი ელჩებიც, რომლებიც ყველანაირად ხელს უწყობენ იმ აზრის დამკვიდრებას, რომ მათი ფავორიტი არასამთავროები არიან ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის და რაც მთავარია, ყველა სფეროში. ეს უკანასკნელებიც იფერებენ ასეთ აბსურდულ პოზიციას და პრაქტიკულად არ არსებობს საკითხი, სადაც ისინი არ ცდილობდნენ თავისი „კომპეტენტური“ პოზიციის ლობირებას. ყველაფერ ამას მთელი ძალებით აპიარებენ კლანთან უნისონში მოქმედი ოპოზიციური პარტიული მედიის წარმომადგენლები. ასე ჩამოყალიბდა კლანი სამოქალაქო საზოგადოებაში, რომელიც ითვისებს მთელი საზოგადოების სახელით ლაპარაკის უფლებას და თავიანთი დონორების წინაშე წარადგენენ ისეთ ანგარიშებს, სადაც არსებული რეალობის ნაცვლად, იკითხება დონორი ქვეყნის ინტერესები. ამგვარი დაფინანსებით განხორციელებული პროექტებით ისინი საქართველოში აყალიბებენ სასურველ საზოგადოებრივ აზრს და პოლიტიკურ განწყობებს. ეს კი იმის საფუძველია, რომ ახალი მილიონიანი დაფინანსებები მიიღონ დონორებისგან.
ამ უკანასკნელთა ძირითადი მოთხოვნა კი ქვეყანაში ფსევდო ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრება და გაბატონებაა. ახლაც, როდესაც საუბარია იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა დაასახელონ სახალხო დამცველის კანდიდატურა, ამ იდეის ავტორები სწორედ იმ პრივილეგირებულ და მილიონერ ორგანიზაციებს გულისხმობენ, რომლებიც სრულიად უგულებელყოფენ მათი კლანის არაწევრი მრავალი ათასი არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციებს (როგორც ეს მოხდა წინა სახალხო დამცველის კანდიდატურის დასახელების დროს). სინამდვილეში სახალხო დამცველი უფრო ფართო კონსენსუსით უნდა ირჩეოდეს, თორემ თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღებთ კლანის წარმომადგენელ სახალხო დამცველს, რომელიც ისევე მოემსახურება მხოლოდ კლანის ინტერესებს, როგორც ეს იყო ამჟამინდელი სახალხო დამცველის, ლომჯარიას შემთხვევაში”- წერს ნანა კაკაბაძე.