საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით, სენაკში მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“ დაიწყო. სწავლებას II ქვეითი ბრიგადა უკვე მეექვსედ მასპინძლობს და წელს მას 21 მონაწილე ჰყავს. სწავლებაში სხვადასხვა ტელევიზიისა და საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები არიან ჩართული. სწავლების წარმატებით განხორციელებისთვის „ღირსეული პასუხი 2022“-ში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი მონაწილეობს. წელს „ღირსეულ პასუხს“ ახალი მიმართულება – ავიაციის კომპონენტიც დაემატა. მედიასწავლების აღსრულების ფაზაში ჩართულები არიან ამერიკელი დამკვირვებლებიც.
„ღირსეული პასუხის“ მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რაც მათ ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისული მდგომარეობის დროს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში შეუწყობს ხელს. სწავლება, ძირითადად, კრიზისულ და საომარ ვითარებაში პრაქტიკული ნაწილით არის დატვირთული, რომლის ფარგლებშიც მედიის წარმომადგენლებს რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება მოუწევთ. სწავლების პირველი ეტაპი ძირითადად თეორიულ კურსს მოიცავს, მათ შორისაა საზოგადოებასთან ურთიერთობა საბრძოლო მოქმედებებში, პირველადი სამედიცინო დახმარება საველე პირობებში, სტრესის მართვა, თვითგადარჩენა საველე პირობებში, ფეთქებადსაშიშ ტერიტორიაზე მუშაობის პრინციპები და უსაფრთხოების ზომები, კიბერუსაფრთხოება, ასევე საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციები.
„ღირსეული პასუხი 2022“ ხუთი დღე გაგრძელდება. მასში მონაწილე მედიის წარმომადგენლებს და სტუდენტებს სამხედრო წესით უწევთ ცხოვრება – დილის ვარჯიში, კვება „ჯარისკაცის“ ულუფით, ცხოვრება ყაზარმებში და გადაადგილება ახალი ლოჯისტიკური საშუალებებით “MAN”. სწავლების პრაქტიკული ფაზის აღსრულების პროცესში მათ ქართული, სსსტც „დელტას“ წარმოების სამხედრო ჩაფხუტები და ჟილეტებიც დაურიგდებათ.