საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოს მერს ელდარ აზიზოვს შეხვდა.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს დიალოგის, მეგობრობისა და თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვთ, რამაც მყარი სტრატეგიული პარტნიორობა მოიტანა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება ორი ქვეყნის საერთო ინტერესებშია.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო, როგორც საიმედო პარტნიორი, გააგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და განვითარებაში.
საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების ვითარებას. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.