სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში კენჭისყრის პროცესი დასრულდა. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესი წარმატებით განხორციელდა.
„სწორედ ტექნოლოგიების გამოყენებამ მოგვცა საშუალება კენჭისყრის დასრულებიდან უმოკლეს დროში წარმოგიდგინოთ პირველადი წინასწარი შედეგები. ხმის დათვლის ელექტრონული აპარატებიდან წინასწარი შედეგების ამსახველი ამონაწერები საარჩევნო უბნებზე შესაბამისი პროცედურების განხორციელების დასრულებისთანავე ამოიბეჭდა.
ამონაწერის თანახმად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1021-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 44.26 %-ია.
ხმების 3.32%, 33 ხმა მიიღო მამუკა ტუსკაძემ – “მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის” (№29).
ხმების 96.68%, 962 ხმა მიიღო, ზაზა ყურაშვილმა – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (№41).
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებზე საპილოტე რეჟიმში გამოყენებული იყო ელექტრონული ტექნოლოგიები – ვერიფიკაციის აპარატები, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები. აღსანიშნავია, რომ პირველად იყო გამოყენებული სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატები, რის შედეგადაც ამომრჩეველს ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეეძლო მისვლა და რეგისტრაციის (ვერიფიკაციის) პროცედურის გავლა. ახალმა ტექნოლოგიებმა ამომრჩევლების მოწონება დაიმსახურა.
საარჩევნო უბნებზე ახლა მიმდინარეობს ტრადიციული მეთოდით ხმის დათვლის პროცესი და ამ პროცესის ვიდეოგადაღება. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიას, დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, რის შემდეგაც აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ხმის დათვლის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა კი აიტვირთება GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე.
კენჭისყრის დღე წარიმართა კანონმდებლობის შესაბამისად. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. საარჩევნო მოხელეები უბნებზე მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებოდნენ ამომრჩევლებს. გვინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისათვის. ასევე მადლობას ვუხდით ყველა დონის საარჩევნო კომისიების წევრებს და თანამშრომლებს კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის“,-განაცხადა ნათია იოსელიანმა.