„ხალხის ძალის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ რჩებიან უმრავლესობაში. „ქართულ ოცნებას“ დღეს უკვე ამ მდგომარეობით პარლამენტში 75 დეპუტატი ყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ გარეშე ჩვენ უმრავლესობა არ გვაქვს, აქედან გამომდინარე, ხუმრობით რომ ვთქვათ, ცოტა დახმარებაც და მათი გვერდით დგომაც დაგვჭირდება იმ ამბავში, რომ საქართველოში არ შეიქმნას რაიმე პოლიტიკური კრიზისის მაგვარი, მაგრამ გამორიცხულია, 100% – იანი გარანტიით ჩვენ ამას მათგან არ ველოდებით, ისინი არიან ჩვენი მეგობრები, უმრავლესობის წევრები და ჩვენ პრობლემები ერთმანეთთან დაკავშირებით არ გვაქვს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, „ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ეს იყო პირობა, მათი მეგობრული ჟესტიც და გუშინ უმრავლესობაზე მათი გამოთქმული მოსაზრება და დაპირება.
„ჩვენ ამ დაპირებაში ეჭვი არ გვეპარება, არანაირ პრობლემას მათი მხრიდან უმრავლესობის და გადაწყვეტილებების მიღების ნაწილში არ ველოდებით და დარწმუნებული ვარ, ისინი ამ პირობას შეასრულებენ. თუ განსხვავებაზე ვილაპარაკებთ, მთავარი განსხვავება არის იგივე და ერთადერთი – ისინი ამბობენ, რომ ის ყველაფერი, რაც ხდება კულისებში, უნდა იყოს საჯარო, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მეტად შეფასების უფლება იმისა, რაც ხდება სინამდვილეში ქვეყანაში.
არის უმძიმესი გეოპოლიტიკური ვითარება, ოკუპანტი ქვეყანა აწარმოებს სასტიკ ომს უკრაინაში და ამ ფონზე ჩვენი ქვეყნის გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლა მათ მიაჩნიათ, რომ ინფორმაციის მეტად გასაჯაროებით არის მხოლოდ შესაძლებელი. თუმცა, ჩვენ ამ ნაწილში ვერ ვთანხმდებით, ალბათ ვეღარც შევთანხმდებით, ამაზე კამათს აზრი არ აქვს, მათ თავისი აზრი აქვთ, ჩვენ ჩვენი, თუმცა ისინი არიან ჩვენი მეგობრები, უმრავლესობის წევრები და ჩვენ პრობლემები ერთმანეთთან დაკავშირებით არ გვაქვს“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, ნებისმიერი ინფორმაცია, რაც აქვს უმრავლესობის წევრს ბუნებრივია, მათაც აქვთ. „ალბათ შეამჩნევდით, რომ მათ იმ ინფორმაციის დიდი ნაწილი, რაც გაასაჯაროეს ჰქონდათ მიღებული მანამდე, ვიდრე ისინი „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ. თუმცა, უმრავლესობის სხდომაზე რაც ითქმება, ბუნებრივია მათაც მიეწოდებათ ინფორმაცია. უმრავლესობის წევრს ვერ აუკრძალავ, უმრავლესობის სხდომაზე მოვიდნენ და არც აუკრძალავს არავის. გაასაჯაროებს თუ არა ამ ინფორმაციას, ეს მისი გადასაწყვეტია, მისი კომპეტენციის ფარგლები და პოლიტიკური რისკია. მათ ასე მიაჩნიათ სწორად და იმაში, რომ არ ვეთანხმებით, რომ ამის გასაჯაროება შეიძლება არ იყოს აუცილებელი, მხოლოდ ეს არგუმენტი ვერ იქნება იმის საფუძველი, რომ რაღაც ინფორმაცია არ მიიღოს უმრავლესობის წევრმა. აქედან გამომდინარე, მათ რა თქმა უნდა, ინფორმაციაზე ჰქონდათ და აქვთ წვდომა, უმრავლესობის წევრებიც არიან და მხოლოდ ეს ერთი განსხვავებაა ჩვენს შორის, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის ძალიან ხისტი და კრიტიკული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად მიიჩნევენ მეტ სიმართლეს და კულისებიდან გამოტანილ ინფორმაციას საჯაროდ“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ამასთან, მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ქართული ოცნებიდან მათთან გადასვლის სურვილი აღარავის დაუფიქსირებია. „ამ ეტაპზე მათ გაფართოვებას არ ველოდებით, დღეის მდგომარეობით, ქართული ოცნებიდან მათთან გადასვლის სურვილი აღარავის დაუფიქსირებია. ერთი თვის და ხუთი თვის შემდეგ რა იქნება არავინ იცის, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, ასეთი საკითხი, რომ მათთან კიდევ ვინმე გადავიდეს, ახლო პერიოდში არ დგას“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.