ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, მაქსიმალურად ვემზადებით არჩევნებისთვის, იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, მერვე არჩევნებში ღირსეულად და დამაჯერებლად გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, ვახტანგ გადელიას წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო რვა წლის განმავლობაში ასობით პროექტი დაფინანსდა.
„ჩვენ თქვენი დახმარებით, თქვენი გვერდში დგომით, შვიდ არჩევნებში გავიმარჯვეთ ღირსეულად და დამაჯერებლად. ამ გამარჯვებამ, რა თქმა უნდა, მოიტანა ჩვენს ქვეყანაში პროგრესი, განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა. სენაკში არაერთი პროექტი დაფინანსდა ბოლო წლების განმავლობაში, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, სკოლების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, აღდგენა, ახალი სკოლების აშენება, წყლის პროექტები, გაზიფიცირების პროექტები, გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას სჭირდება კიდევ უფრო მეტი, გაათმაგებული ტემპებით მუშაობა. გვჭირდება ჩვენ 24-საათიანი მუხლჩაუხრელი შრომა. იმისთვის, რომ ყველა ეს გამოწვევა, ყველა ეს პრობლემა, რომელი წლების განმავლობაში არის დაგროვილი ჩვენს ქვეყანაში მოვაგვაროთ დროულად და ეფექტიანად. დღეს აქ გვესწრებიან ჩვენი მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები და ჩვენ ყველანი ერთად ვქმნით დიდ გუნდს, რომელსაც ჰქვია “ქართული ოცნება”. რა თქმა უნდა, მე ასევე მინდა აღვნიშნო ეს უნიკალური ადგილი – ნოქალაქევი, რომელიც 2014 წელს დავიწყეთ ერთობლივად. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ “ქართუს” და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც აღნიშნული პროექტის დაფინანსება დაიწყო სახელმწიფოსთან ერთად, უკვე 16 მილიონი ლარია დახარჯული და ჩვენ ძალიან მალე სრულად აღვადგენთ ამ მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს. ამას გარდა, არ შემიძლია არ აღვნიშნო სენაკის სახელმწიფო თეატრი, რომლის რეაბილიტაციაში ფონდმა “ქართუმ” 10 მილიონი ლარი დახარჯა და სენაკს დაუბრუნა ისტორიული თეატრი. ეს და სხვა მრავალი პროექტი, რომელიც დაფინანსდა და მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ემსახურება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და სიკეთეს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.