დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს შორის მიმდინარე სამართლებრივ დავას.
კალაძის თქმით, არ არის გამორიცხული, პროცესების უკან იდგეს ვიღაც, ვინც მიზანმიმართულად ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებას.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის ქველმოქმედი, პატრიოტი, სამშობლოსა და ხალხზე შეყვარებული ადამიანი და მის დაშანტაჟებას ვერავინ შეძლებს.
„რაც შეეხება დავას, აბსოლუტურად გაუგებარია ბანკის პოზიცია. ცხადია, რომ იმ გადაწყვეტილებებით, რასაც „კრედიტ სუისი“ იღებს, ისინი თვითდაზიანების რეჟიმში არიან. საერთაშორისო ბირჟაზე მათ აქციებს თუ შევხედავთ, ნათლად ჩანს, როგორ ეცემა ფასები. ეს გამოწვეულია პრობლემით, რაც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული. შეიძლება ვიღაც მიზანმიმართულად აკეთებს თანხების შეყოვნებას, იმისთვის, რომ ზეგავლენა იქონიოს ამ ადამიანზე, თუნდაც დააშანტაჟოს. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ალბათ ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ. ვერავინ შეძლებს მის დაშანტაჟებას. ის არის ქვეყნის პატრიოტი ადამიანი, სამშობლოსა და ხალხზე უსაზღვროდ შეყვარებული, რაც დაამტკიცა კონკრეტული გაკეთებული საქმეებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.