საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უწყების სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ჯარისკაცების ბინებით უზრუნველყოფა გაგრძელდება და პროექტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.
„ვფიქრობთ, რომ პროგრამა უფრო ფართო წრის შემადგენლობაზე გავრცელდება, სავარაუდოდ, მას სხვა კრიტერიუმითაც განვავრცობთ. ანალოგიურ პროექტს დავიწყებთ უახლოეს წლებში და დაახლოებით იმავე რაოდენობის სამხედრო მოსამსახურეს დავაკმაყოფილებთ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ამჟამად მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, პროექტი წარმატებით ხორციელდება და საცხოვრებელი ბინები ოფიცრებს წლის ბოლომდე გადაეცემათ. „ჯარის ქალაქში“ 115 000 კვადრატული მეტრის ფართობზე, 39 კორპუსის მშენებლობა სწრაფი ტემპითა და მაღალი ხარისხით შესრულდა. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს კვადრატულ მეტრში მხოლოდ 100 დოლარის გადახდა უწევთ. სამხედრო მოსამსახურეების დაფასება და მათთვის სათანადო სოციალური პირობების შექმნა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.