ნანა კაკაბაძე: მთავარი საშიშროება ის არის, რომ სახალხო დამცველის მიერ პოლიტიკისაკენ ასე გაკვალულ გზას შეიძლება მომავალი ომბუდსმენებიც გაყვნენ და ამით დაასამარონ ეს ინსტიტუტი

,,საქართველოს სახალხო დამცველად წოდებულმა ნინო ლომჯარიამ მთელი 6 წლის განმავლობაში ვერ ან არ გააცნობიერა, თუ რა ფარგლებში უნდა განეხორციელებინა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებები,” – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

 

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ აღმოჩნდა აშკარად მიკერძოებული, რასაც ადასტურებს მისი უსაფუძვლო საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი. ,,სახალხო დამცველის საქმენი საგმირონი საქართველოს სახალხო დამცველად წოდებულმა ნინო ლომჯარიამ მთელი 6 წლის განმავლობაში ვერ ან არ გააცნობიერა, თუ რა ფარგლებში უნდა განეხორციელებინა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებები.

 

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიხედვით, „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, ხოლო სახალხო დამცველის შესახებ კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, „არ შეიძლება საქართველოს სახალხო დამცველი იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში“.

 

ამ ორი ფუნდამენტური დებულების უხეში დარღვევით მთელი 6 წლის მანძილზე ნინო ლომჯარია უფრო მეტ ყურადღებასა და დროს უთმობდა უფლებამოსილების ფარგლებიდან გასულ საგარეო საქმეთა, პოლიტიკურ დაკვეთებს და თითქმის არ ასრულებდა საკუთარ უფლებამოვალეობებს. კერძოდ: ლომჯარია საპარლამენტო ტრიბუნიდან თავს იწონებდა, რომ ის თითქოსდა აქტიურად იყო ჩართული ევროსტრუქტურებთან ურთიერთობაში საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით,(რაც მის უფლებამოსილებას არ წარმოადგენდა) თუმცა, რატომღაც ერთხელაც არ შეუფასებია საჯაროდ, საქართველოს მდგომარეობა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში მართლაც ჩამორჩებოდა მოლდოვასა და უკრაინას თუ ამ ქვეყნების წინ დაყენება საკუთარ სამშობლოზე წმინდა პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო.

 

ნინო ლომჯარიას არ შეუფასებია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იძულებითი გადაწყვეტილება, რომელიც გარე ზეწოლის შედეგად კრიმინალების განთავისუფლებას უკავშირდებოდა. სამაგიეროდ პოლიტიკურ დისკუსიებში აქტიურად შედიოდა პრემიერ მინისტრთანა და მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან. პოლიტიკური ანგაჟირებულებით აფასებდა და აკრიტიკებდა მათ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ აღმოჩნდა აშკარად მიკერძოებული, რასაც ადასტურებს მისი უსაფუძვლო საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც მიზნად ისახავდა, ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის დასუსტებასა და მისდამი არასწორი აღქმების გაჩენას.

 

ათასობით პატიმრის მასთან შეხვედრის თხოვნებს სისტემატურად უგულებელყოფდა, მაგრამ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ყოველ ამოხველებაზე მისი საკნის კართან იყო ატუზული დემონსტრაციულად, რაც დანარჩენი პატიმრების სამართლიან გაღიზიანებას და პროტესტებს იწვევდა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად ტრაგედიად წარმოჩენისათვის ხელის შეწყობაში და სასამართლო სისტემის ლანძღვა-გინებაში იმდენი დრო და ენერგია დახარჯა, რომ საერთოდ ვერ შენიშნა მოსამართლის ჩივილი იმაზე, რომ აშშ-ს საელჩო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ახსნა-განმარტებას სთხოვდა, ხოლო ამაზე უარის მიღების შემდეგ ეს მოსამართლე საელჩომ იმით დასაჯა, რომ ამოიღო აშშ-ში გასამგზავრებელთა სიიდან.

 

6 წლის განმავლობაში სახალხო დამცველი ჟურნალისტების მხრიდან ადამიანის უფლებათა უხეშ და სისტემატურ დარღვევებსაც არ შეუწუხებია არც რიგითი მოქალაქეების და არც ცნობადი სახეების მიმართ და ამ საკითხებს არა უფლებათა დაცვის, არამედ პოლიტიკური პრიზმიდან აფასებდა. იმდენად გადაეშვა ლომჯარია პოლიტიკური ბრძოლის მორევში, რომ ერთ-ერთ ანტისახელისუფლო მიტინგზე აქტიური მონაწილეობის დროს, იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებდა ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე, პირდაპირ განაცხადა: „დგება მომენტი, როდესაც ბომბებისგან მიღებული ცეცხლი უფრო სჯობდეს იმ სირცხვილს და იმ წვას, რაც თუნდაც ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ალბათ ძალიან ბევრმა ქართველმა ვიგრძენით“.

 

ამ სიტყვების შინაარსი კი, რომელზეც ლომჯარია მიუთითებდა, იყო ხელისუფლების დამუნათება, რომ ის არასაკმარისად ეხმარებოდა უკრაინას. პარლამენტში გამოსვლისას ეს მან ემოციური ფონით ახსნა, რითაც თითქოს აღიარა, რომ ზედმეტი მოუვიდა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ საკითხზე ნებისმიერი დისკუსიის დროს ის საქართველოს ხელისუფლების უკრაინისთვის დახმარების გამოვლენას არასაკმარისად მიიჩნევდა, გასაგებია მისი პოზიცია, რომ უკრაინისთვის სოლიდარობის საკმარისი გამოხატულება სწორედ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა ყოფილიყო, რითაც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ აქტიურად ცდილობდა იმ ქვეყნების ინტერესების გატარებას, რომელთა წარმომადგენლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთთან საომარი მოქმედებების დაწყებას. როდესაც ქვეყნის #1 უფლებადამცველი ასე აზროვნებს, სრულიად გასაგებია, რომ ის არა კანონით განსაზღვრულ თავის პირდაპირ მოვალეობას ასრულებს, არამედ მოქმედებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით, რის გამოც ამ ინსტიტუციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 8 მილიონი ლარზე მეტი არც ადამიანის უფლებების დაცვას, არამედ ძირითადად პოლიტიკურ პიარ-კამპანიებს მოხმარდა, რის გამოც, საბოლოოდ ეს ფული ქვეყნისთვის არამიზნობრივად გახარჯული, ანუ ჰაერში გადაყრილი აღმოჩნდა.

 

და ბოლოს: სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოში 1996 წელს შეიქმნა და სხვადასხვა დროს ამ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ინსტიტუტს წარმოადგენდნენ: დავით სარალიძე (1997-2000), ნანა დევდარიანი (2000-2003), სოზარ სუბარი (2004-2009), გიორგი ტუღუში (2009-2012), უჩა ნანუაშვილი (2013-2017) და ნინო ლომჯარია (2017-2022). მიუხედავად თვითოეული მათგანის პლიუსებისა და მინუსებისა, შეიძლება ითქვას, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ყველაზე მეტად სწორედ ამ უკანასკნელმა დააზიანა, რადგან მთლიანად პოლიტიზირებული გახადა, რითაც გამოაცალა ობიექტურობის, ნეიტრალურობისა და მიუკერძოებლობის ის მთავარი საფუძველი, რომლითაც ფასობს ეს ინსტიტუტი. მთავარი საშიშროება ის არის, რომ სახალხო დამცველის მიერ პოლიტიკისაკენ ასე გაკვალულ გზას შეიძლება მომავალი ომბუდსმენებიც გაყვნენ და ამით საერთოდ დაასამარონ ეს მნიშვნელოვანი ინსტიტუტი,” – წერს კაკაბაძე.

Back to top button