,,ვინც არ უნდა ამბობდეს, არის ტყუილი, “ამის გარეშე” და “იმის გარეშე” რეზოლუციის მხარდაჭერა არ შეიძლება და არ ხდება. ეს არ არის პრაქტიკა,’’ – ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტების შეკითხვას შეეძლო თუ არა საქართველოს, სააკაშვილის ფაქტორის გარეშე, მხარი დაეჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციისთვის.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, რეზოლუციის მხარდაჭერა ხდება სრული ტექსტის გათვალისწინებით და რეგლამენტი ცალკეული პუნქტების მხარდაჭერას არ ითვალისწინებს.
მდინარაძემ, ასევე, პარალელი გაავლო 2008 წლის რეზოლუციასთან, სადაც საომარი მოქმედებების დაწყება ქართველ სამხედროებს ბრალდებოდათ.
,,შემიძლია, გავიხსენო ყბადაღებული რეზოლუცია. 2008 წელს, თუ ამის შესაძლებლობა იყო, რასაც ისინი ამბობენ, რომ რაღაც პუნქტს შეგიძლია არ დაუჭირო მხარი და ამის გარეშე უჭერ მხარს, მაშინ ისინი სამარეს ითხრიან ახლა მაგ ლოგიკით, იმიტომ, რომ მათ შეეძლოთ, მათივე ლოგიკით, მხარი არ დაეჭირათ იმისათვის, რომ ქართველმა სამხედროებმა ომი დაიწყეს და სადაც ოკუპაცია იყო ნახსენები და რაც რუსეთის საწინააღმდეგო იყო იმ რეზოლუციაში, იმისთვის დაეჭირათ მხარი. მაშინ ეს რატომ არ გააკეთეს? ღალატი რომ ჩაიდინეს საკუთარი ქვეყნის და რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, სადაც ეწერა, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს, თითქოს, ომი, ამ დროს რატომ არ გააკეთეს, თუ ასეთი შესაძლებლობა იყო. ანუ, ეს ტყუილია.
ეს ერთი, და მეორე – შემთხვევით არ გამხსენებია ეს რეზოლუცია, მათ სცადეს ორი კურდღლის დაჭერა. ერთი მიმართულება იყო, თუ „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერდა ამ რეზოლუციას, ისინი აუცილებლად იტყოდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწია მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარება. ვისზეა საუბარი? პოლიტპატიმრების სისტემის შემქმნელ ადამიანზე, რომელიც ვითომდა მხარდაჭერის შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა პოლიტპატიმრად. აი, ამას ცდილობდნენ. თუ არ დავუჭერდით მხარს, იტყოდნენ იმას, რასაც დღეს საუბრობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუჭირა მხარი რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციას. მაშინ, როდესაც 400-მდე დოკუმენტს და რეზოლუციას დავუჭირეთ მხარი წინა პერიოდში. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისეთი დოკუმენტებს და რეზოლუციებს, სადაც საუბარია ჰააგის სასამართლოსთვის მიმართვაზე რუსეთის წინააღმდეგ. ძალიან სიმბოლურია, რომ იმავე დღეს, როცა ეს რეზოლუცია გადიოდა და გააპარეს სააკაშვილის ე.წ. შესწორება, იმავე დღეს რუანდაში, დასაცინ ფორმატად რომ აქციეს ვიღაცეებმა და უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საკითხებზე და არაღიარებაზე რომ მიდის საუბარი, გავიდა PACE-ს ფორმატში რეზოლუცია, ასევე უკრაინის მხარდამჭერი, რომელსაც საქართველომ მხარი დაუჭირა. ეს არის რეალობა და ის, რასაც თქვენ ბრძანებთ, მათ მონათხრობს, ეს არის უბრალოდ ისევ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სპეკულაცია,’’ – განაცხადა მდინარაძემ.