ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სტრასბურგში ვიზიტის შესახებ განმარტება არ კეთდება საქართველოში ევროსაბჭოს ოფისში.
ცნობილი გახდა, რომ 7 საქმეზე მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილი სტრასბურგში ოფიციალურ შეხვედრებს უკრაინის სახელით ესწრება. უკრაინის გენერალური პროკურატურის დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ყოფნის ინიციატორი ნათია ჯაფარიძეა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა და ასევე გახლდათ ევროსასამართლოს იურისტი.
რატომ აღმოჩნდა ძებნილი ექს-მაღალჩინოსანი ოფიციალურ შეხვედრებზე, ამ კითხვაზე ევროსაბჭოს ოფისში კომენტარს არ აკეთებენ. “ქართული ოცნება” კი, რომლის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ადეიშვილზე ძებნა გამოცხადდა ამბობს, რომ უკრაინული მხარის ეს ნაბიჯი “შავი იუმორის სერიიდანაა, თუმცა ეს კიევსა და თბილისს შორის მეგობრულ ურთიერთობებს ვერ გააფუჭებს”.
ახლა “ქართული ოცნება” უკრაინელი და ევროპელი კოლეგებისთვის ძებნილ ადეიშვილზე სრული ინფორმაციის მიწოდებას აპირებს. სანამ მმართველი გუნდის წერილები კიევსა და სტრასბურგში ჩავა, ყოფილი გენპროკურორის უკრაინაში დაწინაურების ფაქტს კრიტიკით გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩევლი. მაიკლ ჩეჩირმა დაწერა, რომ დამნაშავე ზურაბ ადეიშვილის რეაბილიტაციის მცდელობით, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის პრინციპები ირღვევა.