მმართველი გუნდის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ნათესავების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სწორედ მაგ საბჭოს მდივანია ოლექსი დანილოვი, რომელიც საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებს.
„მაგ საბჭოს მდივანი არის ოლექსი დანილოვი, რომელიც ომისკენ, მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდებს. მეტი კომენტარი ამას არ სჭირდება. დანილოვი თან მოგვიწოდებს მეორე ფრონტისკენ, თან ცდილობს დაშანტაჟებას. რისთვის ითხოვს დაშანტაჟებას? მეორე ფრონტისთვის. ლოგიკა თქვენთვის მომინდვია. საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება, ვერც დანილოვი და ვერც სხვები ამას ვერ მიაღწევენ“, – განუცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „პირველს“.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ მოხდება ბიძინა ივანიშვილის დაცვა, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ივანიშვილს დაცვა არ სჭირდება.