ჩვენ თავდაცვით შესაძლებლობებს განვავითარებთ და შესყიდვების მიმართულებით რა ნაბიჯებიც გადავდგით დიდ მასშტაბებს მივაღწევთ, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო „იმედის“ გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.
თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესყიდვების მიმართულებით იგეგმება უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება საქართველოში.
„უკრაინის ომში დრონები გამოცდილია. ჩვენ წლის ბოლომდე მივიღებთ სატესტო ვერსიებს და მომავალ წელს გადავალთ მასიურ წარმოებაზე. ამასთან ერთად ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულებით გადავდგით ნაბიჯები – ისრაელში გავაგზავნეთ მოდერნიზაციისთვის არსებული საშუალებები“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
რადიო „იმედის“ ეთერში საუბრისას მინისტრმა თავდაცვის ბიუჯეტზეც ისაუბრა და სამხედროების ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პროცესი განგრძობითია.
„თუ არ გვეყოლება მომზადებული ჯარისკაცი, ჩვენ ვერ შევძლებთ თავის დაცვას. სამხედრო მოსამსახურეებს იანვრიდან ხელფასი კიდევ 20%-ით გაეზრდებათ და ეს პროცესი იქნება განგრძობითი, რომ ჰქონდეთ შეგრძნება ხელისუფლება მათზე ზრუნავს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.