რადიო „იმედზე“, გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას, თავდაცვის მინისტრი საქართველოში ჯარის, როგორც ინსტიტუციის დისკრედიტაციის ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მინისტრის შეფასებით, პარადოქსია, რომ ჯარის პოპულარიზაციისა და ჯარისკაცის დაფასების, მისი მუნდირის ღირსების გაფრთხილების ნაცვლად, გარკვეული ჯგუფების მხრიდან ინსტიტუციის დისკრედიტაციასა და ჯარში შუღლის გაღვივების მცდელობას აქვს ადგილი.
„ეს არ არის ჩემი დისკრედიტაცია. ჩემს დისკრედიტაციას ავიტან, მაგრამ ჯარის დისკრედიტაციას ნამდვილად არ შევეგუებით. ბოროტის მოსურნეებმა ინდივიდუალურ დონეზეც ვერ ნახეს ჯარისკაცები, რომლებიც ინტერვიუს მისცემდნენ და რაიმე პრეტენზიას გამოთქვამდნენ. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ავღანეთში, დამოუკიდებელ უბანზე 1000-კაციან შემადგენლობაში, პრემიერ-მინისტრის თავდაცვის მინისტრობის დროს ხმათა 96% მივიღეთ. ეს ხომ იმის გამოხატულებაა, რომ ჯარისკაცი გვიფასებს, რომ ჩვენ მას ვაფასებთ“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარისკაცის, იმ ადამიანის დაფასება რომელიც მზად არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახების დაცვას მთელი ცხოვრება მიუძღვნას, მთელი საზოგადოების ვალია.