„მასმედია და პოლიტიკოსები, ნაცვლად იმისა, რომ ღიად დაეგმოთ ტერორიზმი და გამოეცხადებინათ მხარდაჭერა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში, აკეთებენ სრულიად საპირისპიროს და მისდევენ საკუთარ ვიწრო ინტერესებს, კერძოდ, საეთერო დროს უთმობენ მალხაზ მაჩალიკაშვილს (რომელიც არ იქნა შეშვებული რიგ ევროპულ ქვეყნებში) და ამ პიროვნებას აძლევენ ფაქტებით მანიპულირების საშუალებას“, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, ავღანეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის, საქართველოშიც ექსტრემისტული იდეოლოგიის მქონე ორგანიზაციები გააქტიურდნენ, რამაც ახალგაზრდებში ე.წ. ვერბოვკის ფაქტების მატება გამოიწვია.
„უკანასკნელ პერიოდში ავღანეთში მმართველი რგოლი დაიკავა ე.წ. „თალიბანის დაჯგუფებამ“, რომელიც ამ მომენტამდე, რიგ ქვეყნებში ფლობდა ტერორისტულ ორგანიზაციის სტატუსს, ხოლო ახლა არის მმართველი ძალა და მსოფლიოში, „დიდი ქვეყნების“ მიერ სრული პასუხისმგებლობით განიხილება მათთან, ოფიციალური თანამშრომლობის შესაძლებლობა.
ხსენებულ ფონზე, სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში გააქტიურდა ექსტრემისტული იდეოლოგიის მქონე ორგანიზაციები, კერძოდ საუბარია „ისლამურ სახელმწიფოს“, ასევე „ალ-ქაიდას“ მომხრე ე.წ. სალაფიტურ ჯამაათებზე“, რამაც ასევე „დომინოს ეფექტით“ გამოიწვია ახალგაზრდებში, ე.წ. „ვერბოვკის“ ფაქტების მატება.
მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, განსაკუთრებით სასიამოვნოა სუს-ის ეფექტური რეაგირება, რომლის ფარგლებშიც დროულად აღიკვეთა ტერორისტული საფრთხეები, თუმცა განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ტერორისტული იდეოლოგიის სამიზნეები გახდნენ ახალგაზრდები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ მოსალოდნელი სასჯელს და შედეგად, შეიძლება ითქვას, კარგავენ საკუთარ მომავალ ცხოვრებას (სუს-ის ბოლო, შეიძლება ითქვას უპრეცედენტოდ წარმატებულმა სპეცოპერაციამ, დაადასტურა ხსენებული ფაქტი).
აღნიშნულ საკითხებზე საუბრისას აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სუს-ის ხელმძღვანელებისა და მათი თანამშრომლების მაღალი პროფესიონალიზმისა, სასურველია, რომ პოლიტიკურმა ელიტამ და მასმედიის თანამშრომლებმაც, ხსენებულ დამძიმებულ ფონზე გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა, რადგან მათი ქმედებები, აშკარად ქმნის ტერორიზმის წახალისების საფრთხეს და ხელს უწყობს ანარქიის გამეფებას.
რას ვგულისხმობ? აი, თუნდაც, უკანასკნელი სპეცოპერაცია, რომ ავიღოთ, მასმედია და პოლიტიკოსები, ნაცვლად იმისა, რომ ღიად დაეგმოთ ტერორიზმი და გამოეცხადებინათ მხარდაჭერა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში, აკეთებენ სრულიად საპირისპიროს და მისდევენ საკუთარ ვიწრო ინტერესებს, კერძოდ, საეთერო დროს უთმობენ მალხაზ მაჩალიკაშვილს (რომელიც არ იქნა შეშვებული რიგ ევროპულ ქვეყნებში) და ამ პიროვნებას აძლევენ ფაქტებით მანიპულირების საშუალებას.
კერძოდ მაჩალიკაშვილი გამოდის და აბრალებს ხელისუფლებას, რომ თითქოსდა მიმდინარეობს წინასაარჩევნო „თამაშები“ და რომ თითქოსდა ხსენებული ხალხი დაიჭირეს მასთან კავშირის გამო, წინასაარჩევნო ხმების მისაღებად (საინტერესოა, რომ იმ პირთა უმრავლესობა, რომელიც მის ირგვლივ ტრიალებს ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებულია ტერორიზმთან).
ხსენებული ფორმით გასულ სიუჟეტებში ოპოზიციური მედია, ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე, ხელს უწყობს ალტერნატიული აზრის გავრცელებას, თესავს ეჭვებს საზოგადოებაში და მანიპულაციის გზით ცდილობს მოახდინოს წარმატებული სპეცოპერაციის დისკრედიტაცია, რაც წარმოადგენს შეგნებულ მავნებლობას (ისინი ნებსით, უნებლიეთ), საკუთარი მავნე ზრახვების შესაბამისად, ხელისუფლების დისკრედიტაციის სურვილით შეპყრობილები ხელს უწყობენ უმძიმესი ბრალდებით დაკავებული ტერორისტების „გათეთრებასაც“ კი“, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.