„თუ ადამიანს არ შეგიძლია სხვისი მცდელობის დაფასება, მინიმუმ უნდა ეცადო, რომ ამ მცდელობებს ჩირქი არ მოსცხო“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის იან კელის შეფასებას, რომლის თანახმად იან კელიმ აღნიშნა, რომ „ბუმბულიანი ჩიტები თავს ერთად იყრიან?“
„აშშ-ის ყოფილ ელჩს წესით კარგად უნდა ესმოდეს, რომ მან არ უნდა დააკნინოს რეგიონალური სამშვიდობო ინიციატივები. ამ ომს მასზე არანაირი გავლენა არ აქვს; თუმცა ამ ომს პირდაპირი გავლენა აქვს მილიონობით ადამიანზე ევროპაში. თუ ადამიანს არ შეგიძლია სხვისი მცდელობის დაფასება, მინიმუმ უნდა ეცადო, რომ ამ მცდელობებს ჩირქი არ მოსცხო. უკრაინელი ხალხი იპოვის სამართალს და რუსეთი დაისჯება იმ ბოროტების გამო, რომელსაც ის ავრცელებს. ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მშვიდობას ვერ ექნება ალტერნატივა. თუ ჩვენ გვინდა ძლიერი ევროპა, მაშინ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავამკვიდროთ მშვიდობა!“, – წერს ქარუმიძე ტვიტერზე.