მინდა, ასევე გამოვეხმაურო ბატონი პრემიერის ინიციატივას, რომ ჩვენ ერთობლივ სამთავრობათაშორისო შეხვედრას გავმართავთ უკვე თბილისში. მოხარული ვარ, რომ ბატონმა პრემიერმა მიიღო ჩვენი მოწვევა, ჩვენ მოხარული ვიქნებით, რომ ვუმასპინძლოთ ბატონ პრემიერ-მინისტრს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მზადაა სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
მანვე მადლობა გადაუხადა უნგრეთის მხარეს განათლების მიმართულებით თანამშრომლობისთვის.
„ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს სექტორული თანამშრომლობა, ურთიერთობა მინისტრებს, სამინისტროებს შორის. უნგრეთი, განსაკუთრებით ბატონო ორბანის ლიდერობით და მისი მმართველობის დროს არის ძალიან წარმატებული ქვეყანა, ძალიან ბევრი წარმატებული პოლიტიკა და რეფორმა განახორციელა ბატონი ორბანის მთავრობამ, საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითიც გადმოვიღეთ, თქვენი მთავრობის წარმატებული რეფორმები გავიზიარეთ და გვსურს, უფრო მეტად დავახლოვდეთ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ პოტენციალს ვხედავთ არა მხოლოდ ვაჭრობასა და ტურიზმში, არამედ ენერგეტიკაში, როგორც უკვე აღინიშნა. მინდა, ასევე მადლიერებით აღვნიშნო, რომ განათლების სფეროში გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა და პირადად თქვენ მადლობა ამ პროექტის მხარდაჭერისთვის, მინდა, ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ უნგრეთი და უნგრეთის მთავრობა აფინანსებს ქართველ სტუდენტებს, მათ განათლებას უნგრეთში, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ინიციატივაა. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, ესაა ჩენი მთავარი ამოცანა, მთავარი არჩევანი და კიდევ ერთხელ მინდა, დავაფიქსირო ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით, რომ ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის და ნატო-ს წევრი სახელმწიფო. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს ჩვენი მასპინძლობისთვის და მე ვიქნები ძალიან ბედნიერი და მოხარული, ვუმასპინძლო მას თბილისში,”- აღნიშნა პრემიერმა.