მე მინდა ვთქვა, თუ როგორ ვაფასებთ, რაოდენ ძლიერად ვაფასებთ პირადად თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თქვენ ყოველთვის იყავით და ხართ ძლიერი, ხმამაღალი მხარდამჭერი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების და თქვენი გზავნილები ჩვენთვის ყოველთვის არის მნიშვნელოვანი, ამას ძალიან ვაფასებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს სურს, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი.
„ვაფასებთ თქვენს შეფასებებს, რომელიც უკავშირდება გადაწყვეტილებას, რომელიც იქნა მიღებული ევროპული საბჭოს მიერ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ევროპული პერსპექტივის მონიჭება, ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის ერთგულად მიჰყვებოდნენ ამ ცივილიზაციურ არჩევანს. ჩვენ გვინდა, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი, ღირსეული წევრი და ასევე ნატოს წევრი. ჩვენ არა მხოლოდ სიტყვებით ვახდენთ ამის არტიკულირებას და ამ სურვილის გამოხატვას, არამედ ჩვენ ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, ჩვენ გვსურს ჩვენი კონტრიბუცია შევიტანოთ ამ დიდ ოჯახში. მაგალითად, თქვენ კარგად იცით ბატონო პრემიერო, რომ ჩვენ დიდი მსხვერპლი გავიღეთ ნატო-ს მისიებში, ერაყში, ავღანეთში, ვართ წარმოდგენილი ევროკავშირის მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა,”- აღნიშნა პრემიერმა.