მე-11 ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა დაასრულა

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის კომპონენტის (GDRP-T) დასრულების შემდეგ, თავდაცვის ძალების ­ქვედანაყოფები გადამზადებას გადიან, რომელსაც საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ახორციელებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, წვრთნისა და შეფასების პროგრამა საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითმა ბატალიონმა გაიარა. ოთხკვირიანი პროგრამა ბატალიონმა საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. სიმულაციური სცენარი რეიდის განხორციელებას, თავდაცვითი პოზიციების მოწყობას, მოწინააღმდეგის ბლოკირებას, შეტევასა და ობიექტის განადგურებას მოიცავდა. სწავლების განმავლობაში მე-11 ქვეითი ბატალიონის „ალფა“, „ბრავო“ და „ჩარლი“ ქვეითი ასეულების ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს.

„სწავლება სამი ფაზისაგან შედგებოდა. პირველი ეტაპი სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მოიცავდა, მეორე ეტაპი საველე-სიტუაციურ სწავლებას დაეთმო, ხოლო დასკვნითი ფაზა ბატალიონის საბრძოლო სროლებს ითვალისწინებდა. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) დამკვირვებლები სამივე ფაზის განმავლობაში აკვირდებოდნენ წვრთნების პროცესს და შესაბამის რეკომენდაციებს ამზადებდნენ.

საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ინსტრუქტორებისა და ამერიკის შეერთებული შტატების არმიის დამკვირვებლების შეფასებით, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითმა ბატალიონმა პროგრამა წარმატებით გაიარა. GDRP-ის შემდგომი წვრთნისა და შეფასების პროგრამა მიზნად ისახავდა ბატალიონის მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

Back to top button