საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე, დავით ჭიჭინაძე, გიორგი ხაინდრავა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში – ქუთაისის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდნენ.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა შალვა მაღლაკელიძემ და ქუთაისის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით ცაბაძემ უმასპინძლეს. მათ სტუმრებს სამედიცინო ცენტრის ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა დაათვალიერებინეს და მისი შესაძლებლობები დეტალურად გააცნეს.
სტუმრებმა განახლებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაც მოინახულეს, რომელიც შესაბამისი უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი. ახლო მომავალში სამედიცინო ცენტრის მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური აპარატურით აღჭურვაც იგეგმება.
სამხედრო ჰოსპიტალის ქუთაისის სამედიცინო ცენტრი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სრულ ამბულატორიულ მომსახურებას უზრუნველყოფს. ცენტრი დროულ და კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას იმ სამხედრო მოსამსახურეებს უწევს, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არიან დისლოცირებული.