ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებეს“ უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებეს“ უპილოტო
საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დაათვალიერა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ
საწარმო უახლოეს მომავალში ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვებას
შეძლებს.

ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებე“შპს „დელტა ინტერნეიშენალ“-ისა და პოლონურ
კომპანიას – „ვებე ელექტრონიქსს“ შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.
აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების თემაზე ქართველი და
პოლონელი პროფესიონალები ერთად იმუშავებენ. სამხედრო მრეწველობის განვითარების
მიზნით, შპს „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა
ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ
ცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის
ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ.

სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტაში“ ჯუანშერ ბურჭულაძეს ცენტრის ხელმძღვანელმა,
ბრიგადის გენერალმა იოსებ ლოლაძემ სამხედრო მრეწველობის სხვა მნიშვნელოვანი
მიმართულებებიც გააცნო. „დელტაში“ თავდაცვის მინისტრთან ერთად, მინისტრის
მოადგილეები – დავით ჭიჭინაძე და გიორგი ხაინდრავა, ასევე სხვა ოფიციალური პირები
იმყოფებოდნენ.

Back to top button