საზოგადოებრივი მოძრაობის, „ხალხის ძალა“ ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი ამერიკელი სენატორების განცხადებებს ეხმაურება და აცადებს, რომ „თუ რაიმე აზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, ამგვარი განცხადებებია“.
„როცა ლაპარაკია, რა აზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, განსაკუთრებით სტრატეგიულ პარტნიორთან, გეტყვით პირდაპირ, რომ ამას აზიანებს ისეთი განცხადებები, როგორებიც არის მოწოდებები, მაგალითად, ქართველი მებრძოლების მიმართ, რომლებიც არიან უკრაინაში, ჩამოვიდნენ და იარაღით გაყარონ ხელისფულება.
როცა ასეთ განცხადებას აკეთებს ბატონი კინზინგერი, რომელიც ამავე დროს არის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, ეს აზიანებს ორ ქვეყანას შორის ის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ურთიერთობებს. როდესაც საქართველოში აშშ-ის ელჩს ვეკითხებით, რამდენად მისაღებია მისთვის ეს განცხადება, ემიჯნება თუ არა ამ განცხადებას და ის ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური განცხადებაა და ეს ჯდება გამოხატულების თავისუფლების ფარგლებში, ამით ის ირიბად მხარს უჭერს ბარონი კინზინგერის განცხადებას.
თუ რამე აზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, ეს არის ამგვარი განცხადებები. თუკი ამ კითხვებზე გვეცოდინება მკაფიო პასუხი, „ვინ არის საქარველოში სამხედრო გადატრიალების მომხრე და ვინ არის მოწინააღმდეგე?“, ეს იქნება ძალიან კარგი და ჩვენც გვეცოდინება, ვისთან როგორი ურთიერთობები გვქონდეს. დიდი ხანია, ცდილობენ, ერთი ძალიან საინტერესო ტერმინის დამკვიდრებას.
ნელ-ნელა ეს ტერმინი სულ უფროდაუფრო ხშირად გამოიყენება. ეს არის დემოკრატიული უკუსვლა. ეს არის აბსოლუტურად მოგონილი ტერმინი, სათქმელი არაფერი აქვთ, ეს არის შინაარსისგან დაცლილი სიტყვები, იმიტომ, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კი არაა, საქართველოში დემოკრატიის ის დონე, რომელიც ამ ქვეყანაში არასოდეს ყოფილა. მაგრამ ამ ტერმინებს ამკვიდრებენ და ამერიკის სენატშიც მოსმენებზე, სამწუხაროდ, ეს გაჟღერდა; ეუთოში, საერთოდ არაფერ შუაში რომ არ იყო, ამას წინათ, რომელიღაც დოკუმენტში, ისე, მაინც შეაპარეს ტერმინი და ამ ტერმინის დამკვიდრებას ცდილობენ. ე.ი იმისთვის, რომ დემოკრატიული უკუსვლა არ დაგვარქვან, ჩვენ უნდა ვაწამოთ ციხეებში პატიმრები, ადამიანებს ქონება წავართვათ, აბსოლუტურიერთმმართველობა იყოს და პრეზიდენტს მივცეთ ყველანაირი ძალაუფლება ისე, რომ არავინ არაფერს არ ეკითხებოდეს. სასამართლოში, წლის განმავლობაში, ერთი გამამართლებელი განაჩენი უნდა დგებოდეს, როგორიც იყო, ვთქვათ, 2008 წელს ან ხუთი გამამართლებელი განაჩენი, როგორიც იყო 2007 წელს და ა.შ. ეს არის თურმე დემოკრატიის სტანდარტი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ლაპარაკობენ. ეს არის მარტივი მცდელობა, დააბრუნონ საქართველოში ის ხელისუფლება, რომელიც იქნება არა დემოკრატიული პრინციპების ერთგული, არა დასავლეთის პარტნიორი, არამედ ყურმოჭრილი მონა ნებისმიერ საკითხში. მაგალითად, თუ ეტყვიან, „დაიწყე ომი“, დაიწყებს ომს. ეს უბრალოდ არ მოხდება და ამის იმედი ნუ აქვს ნურავის. ნურც ქალბატონ შაჰინს, რომელიც თავის დროზე კატეგორიულად გვთხოვდა, რომ არ მომხდარიყო სააკაშვილის, მერაბიშვილისა და უამრავი კრიმინალის პასუხისგებაში მიცემა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.