საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ნიდერლანდების სამეფოში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს.
ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ნიდერლანდების პარლამენტის სენატის და ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა, ევროპის, ნატო-ს და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომების მუშაობაში, რომელიც საქართველოს საკითხს ეძღვნებოდა.
ნიკოლოზ სამხარაძემ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი მიმოიხილა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიდერლანდელ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ და მოუწოდა მათ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერისკენ.
ნიდელანდელმა კანონმდებლებმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ასევე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისრაფებების მიმართ მათი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
„მოხარული ვარ, რომ ნიდერლანდების სამეფოში ჩვენს ვიზიტს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა. საქართველოს მიმართ არსებობს დიდი ინტერესი, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ პარლამენტის ორივე პალატამ ჩაატარა მოსმენები საქართელოს შესახებ, სადაც მქონდა შესაძლებლობა, რომ მესაუბრა პარლამენტის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებული ნაბიჯების და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენმა ნიდერლანდელმა კოლგებმა კვლავ დაგვიდასტურეს მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ისინი მხარს დაუჭერენ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. აღნიშნულ მოსმენებს ასევე ესწრებოდა ნიდერლანდების მმართველი კოალიციის და ოპოზიციის წარმომადგენლები, რაც მნიშვნელოვანია მხარდაჭერის მობილიზაციის კუთხით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დელეგაციის შემადგენლობაში ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები – ირაკლი ქადაგიშვილი და რამაზ ნიკოლაიშვილი არიან.