საქართველოში ვიზიტით ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი კრისტოფერ კავოლი იმყოფება. ამერიკელ გენერალს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. მინისტრმა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ pარტნიორთან მჭიდრო, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მან ამერიკულ მხარეს და უშუალოდ აშშ-ის ევროპულ სარდლობას თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარების, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ქართველი სამხედროების მომზადების პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ გაფორმებულ ინიციატივაზე და შეკავების, წინააღმდეგობისა და მედეგობის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა.
შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გაზრდილ საფრთხეებსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს.
დღესვე, გენერალი კრისტოფერ კავოლი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. ქართველმა და ამერიკელმა გენერლებმა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების როლი კიდევ ერთხელ აღნიშნეს და საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.