ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის მონიტორინგის საბჭოს წარმომადგენლები სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით ბრიგადაში შეხვდნენ.
ლექცია- სემინარი ეხებოდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემებს, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების საკითხებს. სამხედროებმა ინფორმაცია მიიღეს გასაჩივრების მექანიზმებისა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ; ასევე, საუბარი შეეხო, მსგავსი შემთხვევების არსებობის დროს, სამართლებრივი მხარდაჭერის კუთხით უწყებრივ საქმიანობას.
წელს ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია ტარდება სლოგანით -„აქტივიზმი ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის დასასრულებლად“. მასში სამთავრობო უწყებები და არასამთავრო ორგანიზაციები მონაწილეობენ. ღონისძიებები მიზნად ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრევენციასა და აღმოფხვრას ისახავს.