საქართველოს თავდაცვის ძალებში ბუნდესვერის ლოჯისტიკის სარდლობის ექსპერტები საქართველოს ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს გაეცნენ. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკის სისტემის, ქონების განკარგვის, მონაცემთა ბაზის მართვისა და ლოჯისტიკური ცენტრების ამოცანები გააცნეს.
შეხვედრაზე პოლკოვნიკმა თომას ამესმა ქართულ მხარეს გერმანიის შეიარაღებულ ძალებში არსებული ლოჯისტიკური შესაძლებლობების შესახებ გამოცდილება გაუზიარა. ბუნდესვერის ლოჯისტიკის ექსპერტებმა თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის ბაზებზე ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ცენტრი დაათვალიერეს და მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ. აღნიშნული შეხვედრა გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკასთან 2022 წლის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.