,,განსაკუთრებული პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც შეგიძლია შენი მშობლიური მხარის განვითარებაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინო. ზესტაფონის მერობა უდიდესი გამოწვევაა და მზად ვარ, ამ გამოწვევას, ჩემს გუნდთან ერთად ღირსეულად ვუპასუხო. მინდა „ქართულ ოცნებას”, გამოცხადებული ნდობისათვის, დიდი მადლობა გადავუხადო” – განაცხადა ,,ქართული ოცნების” ზესტაფონის მერობის კანდიდატმა ვასილ გველესიანმა წარდგენაზე.
გველესიანის თქმით, დიდი პასუხისმგებლობა იმ ქალაქის მერობა, რომელსაც მისი მთელი ცხოვრება უკავშირდება.
,,ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ” სწორედ მე წარმადგინა მერობის კანდიდატად. კულტურით, ტრადიციებითა და სტუმარ-მასპინძლობით გამორჩეულ ზესტაფონში. მთელი ჩემი ცხოვრება ზესტაფონს უკავშირდება, კარგად ვიცნობ თითოეულ კუთხე-კუნჭულს და აღფრთოვანებაში მოვყავარ ჩემთვის კარგად ნაცნობ, საოცარი იუმორის გრძნობის მქონე მშრომელ ხალხს. ბუნებრივია, მთელი გულით მსურს, ჩემი ცოდნა და გამოცდილება, ახლა უკვე მერის რანგში, მოვახმარო, მშობლიურ მუნიციპალიტეტის განვითარებას. „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენს მუნიციპალიტეტში მთელი რიგი მიმართულებებით გვაქვს წინსვლა, თუმცა, კვლავ რჩება გამოწვევები. სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა ადგილობრივ მოსახლეობას მისცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტ სარგებელი მიიღოს. რა თქმა უნდა, არ მაქვს ილუზია რომ ყველა პრობლემას ერთი ხელის მოსმით გადავჭრით, თუმცა, მე და ჩემს გუნდს გვაქვს მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა დავასრულოთ მიმდინარე პროექტები და დავგეგმოთ ახალი მასშტაბური ღონისძიებები ჩვენი მუნიციპალიტეტის განსავითარებლად. მათ შორის, გზების მოწესრიგება, სოფლების გაზიფიცირება და წყალმომარაგების საკითხები. აუცილებლად, ხელს შევუწყობთ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. გპირდებით, რომ თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან არაერთ პროექტს განვახორციელებთ. ღრმად მწამს, 4 წლის შემდეგ, ზესტაფონი ბევრად უფრო წარმატებული და განვითარებული მუნიციპალიტეტი იქნება. თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს და მწამს, რომ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ.
ახლა კი წარმოგიდგენთ „ქართული ოცნების” ზესტაფონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს: მარეხი ქათამაძე, უჩა ჩუბინიძე, გიორგი კაბოიშვილი, ბადრი წაქაძე, ვლადიმერ კამლაძე, ანგი ბოჭორიშვილი, იოსებ ჯანიაშვილი, ნუგზარ ფერაძე, ზურაბ ყანჩაველი, პაატა ნასრაძე, თეიმურაზ მაღლაკელიძე, ილია ფუტკარაძე, ჯემალ ჯუღელი” – განაცხადა ვასილ გველესიანმა.