ჩვენ ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყანაში მოიტანა მშვიდობა და სტაბილურობა, ჩვენს მოქალაქეებს დაუბრუნა თავისუფლება, ღირსება და ყველა ის სირცხვილი, აგრესია და ძალადობა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო გამეფებული ჩვენს ქვეყანაში, წარსულს ჩავაბარეთ ყველამ ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდი დღეს მოსახლეობას ესაუბრება მიღწევებზე, პრობლემებზე, შეცდომებზე, გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე ამ ეტაპზე არსებობს და გამოსავლის გზებზე.
„2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ჩვენმა დიდმა გუნდმა, ჩვენი ერთობით, ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ისტორიული გამარჯვება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. სწორედ თქვენი დახმარებით, თქვენი გვერდში დგომით ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ ისტორიულ არჩევნებში და მას შემდეგ 7 არჩევნებში ასევე ღირსეულად ვიმარჯვებთ. მე-8 არჩევნებშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. რატომ? იმიტომ, რომ ხალხი ხედავს, რომ „ქართულ ოცნებას” არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ იდეალურები და უშეცდომონი. რომელი მმართველია იდეალური ან უშეცდომო, ყველას მოგვდის შეცდომა, დაწყებული რიგითი სპეციალისტიდან, პრემიერის ჩათვლით, მაგრამ ჩვენ გვესმის მთავარი – ამ შეცდომებს სჭირდება გააზრება, ბოდიშის მოხდაც და წინსვლის გაგრძელება. ჩვენ არ გვრცხვენია არც შეცდომების აღიარების, არც ბოდიშის მოხდის და ამის გამოსწორების გზაც და უნარიც გაგვაჩნია – მთავარი, რაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს სხვა დანარჩენი ოპოზიციისგან გამოარჩევს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.