„ქართული ოცნება” ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ძალაა, სწორედ ეს განასხვავებს მას წინა ხელისუფლებისგან. „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს სისტემატურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები და ღირსება, რისი ნათელი მაგალითიც ციხის კადრებია – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქართული ოცნების” ზესტაფონის მერობის კანდიდატის ვასილ გველესიანის წარდგენაზე.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნება” არის ძალა, რომელიც დასავლეთისკენ ისწრაფვის, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობისგან”, რომელიც ქვეყანას საბჭოთა კავშირის მეთოდებით მართავდა.
„ერთ მხარეს დგანან ადამიანები, რომლებიც იცავდნენ და იცავენ ადამიანის უფლებებს და მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც სისტემატურად არღვევდნენ ადამიანის უფლებებს, ფეხქვეშ ქონდათ გაფენილი ადამიანების ღირსება. ამის ნათელი მაგალითები ყველას გვახსოვს. თუნდაც ის ცნობილი ციხის კადრები რად ღირს, ამაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ იყო 30 ათასზე პატიმარი და დღეს ჩვენ 10 ათას პატიმარზე ნაკლები გვყავს. ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ გამოიყენებოდა საპროცესო შეთანხმებები და რა მიზანს ემსახურებოდა, რამდენ ადამიანს მოუწია ღამის საათებში მისვლა ნოტარიუსებთან, იმისათვის, რომ თუნდაც საკუთარი სახლი გაეყიდა, ბიზნესი დაეთმო, საკუთარი ოჯახის წევრი გამოეყვანა, მე არ ვიტყოდი პატიმრობიდან, მე ვიტყოდი ტყვეობიდან დაეხსნა” – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მისი თქმით, არჩევანი ძალიან ნათელია, იმიტომ რომ, ერთ მხარეს არის სწრაფვა დასავლეთისაკენ, ხოლო მეორე მხარეს უკუსვლა საბჭოთა კავშირისკენ.
„შეიძლება ეს ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ ბუნებრივია, ამას აქვს თავისი საფუძველი. სწორედ „ქართული ოცნების” დროს დაევალა კონსტიტუციის ძალით, ყველა კონსტიტუციურ ორგანოს რომ მიიღოს და გაატაროს მაქსიმალური ზომები იმისათვის, რომ მოხდეს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ასევე, სწორედ „ქართული ოცნების” დროს გახდა შესაძლებელი, რომ საქართველოს მოქალაქემ საქართველოს მოქალაქის პასპორტით, ვიზის გარეშე იმოგზაუროს ევროპაში. რა ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის დროს, კარგად უნდა გავიხსენოთ ის ცნობილი კადრები, თუნდაც როდესაც სკოლის ბავშვებს აყენებდნენ სიმაღლის მიხედვით და სკანდირებდნენ მათი, არ ვიტყოდი პრეზიდენტის, ვიტყოდი ბელადის სახელს და ამ ყველაფრის იძულებას ახდენდნენ მასწავლებლები. დიახ, ეს იყო საბჭოთა კავშირი და ეს იყო ბოლშევიზმი. დღეს ეს არჩევანი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, როგორც ზესტაფონი, ისე სრულიად საქართველო გააკეთებს სწორ არჩევანს სიმართლის სასარგებლოდ”- განაცხადა რატი ბრეგაძემ.
დღესვე, იუსტიციის მინისტრმა ზესტაფონში იუსტიციის სახლის მშენებლობა დააანონსა. რატი ბრეგაძის განცხადებით, მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება.
„მინდა ერთი სასიამოვნო სიახლე გამცნოთ, რაც უშუალიოდ ეხება ზესტაფონს, კერძოდ სულ რამდენიმე კვირაში ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ იუსტიციის სახლის მშენებლობას, რომელიც იცით, რომ გარკვეული დროის პერიოდში წარმოადგენდა პრობლემას, სირთულეების გამო, პრობლემა აღმოფხვრილია და რამდენიმე კვირაში დაიწყება ზესტაფონის იუსტიციის სახლის მშენებლობა, რომლითაც ისარგებლებს თითოეული თქვენთაგანი” – განაცხადა რატი ბრეგაძემ.